ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე პროფესიული ასოციაციები მთავრობას მიმართავენ

პუბლიკა

საქართველოში მოქმედი ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე პროფესიული ასოციაციები გამოხატავენ შეშფოთებას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა ქვეყანაში ისმინება და შესაბამისად, არ არის დაცული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების – ფსიქოლოგიური კონსულტირების, ფსიქოთერაპიის, ფსიქიატრიული დახმარების – უსაფრთხოება.

„მსგავსი პრაქტიკა დიდ ზიანს აყენებს როგორც ამ ტიპის სერვისებში ჩართულ პირებს, ასევე ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული დახმარების საქმეს, რადგან შეუძლებელს ხდის, დაცული იქნას ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურების საბაზისო ეთიკური წესები. ამავდროულად ხელს უწყობს მთლიანად ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების სპეციალისტების დისკრედიტაციას და კიდევ უფრო აძლიერებს სტიგმას, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებების მქონე პირების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ უკანონო ფარული მიყურადების პრაქტიკა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 157 მუხლით განსაზღვრულ კანონს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, მოახდინოს სათანადო რეაგირება, დროულად დაიწყოს გამოძიება უკანონო ფარული მიყურადების პრაქტიკის საქართველოში დანერგვის მიზეზებისა და დანერგვის შესახებ; გაანადგუროს არსებული ინფორმაცია და ჩანაწერი, რომელიც მოპოვებულია უკანონო ფარული მიყურადების შედეგად, რათა დაცული იქნას ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებში ჩართული პირების უფლებები.

ხელმომწერი ასოციაციები და ორგანიზაციები:

GSP საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება

საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება

GABP საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია

საქართველოს იმდიარ საზოგადოება

სუპერვიზიის და კონსულტირების საქართველოს საზოგადოება

GIP გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში

GCRT წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი