„გაბედნიერებას გილოცავთო“ - 17 წლის გოგოს ოჯახი პოლიციას გულგრილობაში ადანაშაულებს

ქეთი გოგუაძე

ორგანიზაცია „საფარის“ ინფორმაციით, გუშინ, 11 აგვისტოს 18:00-ზე გორიდან 17 წლის გოგო, სავარაუდოდ, მოიტაცეს.

„პუბლიკასთან“ საუბარში არასრულწლოვნის დეიდა ამბობს, რომ გუშინ გოგოს ოჯახს ბიჭმა დაურეკა და ამცნო, რომ მათი შვილი მიჰყავდა.

„ჩემმა დამ უთხრა, დამალაპარაკე ჩემს შვილს, დაელაპარაკა და უთხრა: „მე მოვდივარ, უნდა წამოგიყვანო“. გაითიშა ტელეფონები. იმის შემდეგ ჩვენ ვეძებთ.

პოლიციაში მოგვატყუეს, რომ ეძებდნენ, არც ნომრები შეამოწმეს, არც კამერის ჩანაწერები ნახეს, არაფერი… შევყარეთ მთელი ამბავი, ხელახლა დავრეკეთ 112-ში… დღეს დილიდან [მშობლები] სხედან პოლიციაში. ჩემს სიძეს უთხრეს, გაბედნიერდაო და რა განერვიულებთო.

სადღაც 4-ის წუთებზე დაალაპარაკეს ბავშვი [დედას], რომელმაც უთხრა, რომ არაფერი არ მომხდარა და მოვიდივართო“, – გვიყვება არასრულწლოვნის დეიდა.

ორგანიზაცია „საფარის“ იურისტის, თამარ ლუკავას ინფორმაციით, ოჯახის მიმართვის შემდეგ სამართალდამცველებმა საქმის მიმართ გულგრილობა გამოიჩინეს, რის გამოც ოჯახმა გენერალურ ინსპექციასაც მიმართა.

იურისტი ამბობს, რომ პოლიციას ქმედითი ნაბიჯები დღეს 14:00-მდე არ გადაუდგამს, იმის მიუხედავად, რომ გორი-თბილისის მაგისტრალზე, საიდანაც გოგო, სავარაუდოდ, მოიტაცეს, ბევრი ვიდეოკამერაა დამონტაჟებული, რომელიც, სავარაუდოდ, არასრულწლოვნის მოტაცების ფაქტსაც ასახავდა.

„ჩვენ ოჯახს ვურჩიეთ, დაეწერათ განცხადება ვიდეოკამერების ნახვის მოთხოვნით პოლიციისთვის, თუმცა პოლიციამ ეს განცხადება არ ჩაიბარა.

ამის შემდეგ გოგონას ოჯახის წევრმა დარეკა გენისპექციაში და ყველა დარღვევის შესახებ განაცხადა, რომ ეს იყო გულგრილი დამოკიდებულება, მშობლებს ეუბნებოდნენ, რომ „რა განერვიულებთ, რატომ აპრობლემებთ, ბედნიერია თქვენი გოგო, ბედნიერებას გილოცავთ“… ასევე უთხრეს, რომ პოლიცია განცხადებას არ იბარებს.

გენერალურ ინსპექციაში მიმართვის შემდეგ, მშობლებს უთხრეს, რომ ჩაიბარებდნენ განცხადებას, მაგრამ ვინც უნდა ჩაიბაროს, შესვენებაზეა გასულიაო. როგორ დამოკიდებულებასთან გვაქვს საქმე, თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ?“, – გვიყვება თამარ ლუკავა.

„პუბლიკასთან“ საუბარში „საფარის“ იურისტი ამბობს, რომ შსს-ს აქვს ინფორმაცია არასრულწლოვანის ადგილსამყოფელის შესახებ. მისი ინფორმაციით, 17 წლის გოგო, სავარაუდოდ, დასავლეთ საქართველოში იმყოფება და თავად ბიჭს მიჰყავს გორის პოლიციის განყოფილებაში. აქედან გამომდინარე, ოჯახი და იურისტი ითხოვენ, გოგონა უახლოეს განყოფილებაში დატოვონ, რადგან, ისინი შიშობენ, გზაში ფსიქოლოგიური ზეწოლა არ მოხდეს, რაც გოგონას ჩვენების მიცემას გადააფიქრებინებს.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, უპირველეს ყოვლისა, გოგონა არ ჩამოიყვანონ გორამდე, იმიტომ, რომ გზაში არ მოხდეს გოგონაზე ფსიქოლოგიური ძალადობა და ამის შემდგომ არ შეიქმნას საფრთხე, რომ გოგონამ ჩვენება არ მისცეს პოლიციას. ამიტომ ვითხოვთ, რომ უახლოეს პოლიციის განყოფილებაში მოხდეს გოგონას გადაყვანა და იქ გამოკითხვა, ან უშუალოდ პოლიციის თანამშრომლებმა წამოიყვანონ ის“, – აცხადებს თამარ ლუკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.