„გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა" — აქციაზე სტუდენტებმა მოქალაქეებს მიმართეს

პუბლიკა

სტუდენტებმა, რომლებიც „თავისუფლების მარშში” მონაწილეობენ, თბილისის პროკურატურასთან მოქალაქეებს მიმართეს:

„გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს მოგესალმებით თანამებრძოლებო!

საქართველოს უხარია სამშობლოსთვის გულანთებული შვილების დანახვა!

საქართველო ამაყობს ჩვენით!

ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიან, რომ ტყუილი და ფარისევლობა დანაშაულია! და სიმართლეს მუდამ სჭირდება დაცვა!

ამიტომ, ამ ბრძოლაში უნდა დავიცვათ ჩვენი გმირების სახელი, ჩვენი ისტორია, რომლის გაყალბებასაც ცდილობს რუსული პროპაგანდა. მათ შორის, სკოლებში და უნივერსიტეტებში. ხოლო ბოროტებისგან ჩაგრულებს ჩვენი გვერდში დგომა სჭირდებათ. ამიტომ, ჩვენი ვალია, დავიხსნათ სინდისის პატიმრები და გვერდში ამოვუდგეთ პატიმრების ოჯახებს!

„ქართული ოცნების” მიზანია, შექმნას საზოგადოება, სადაც მტყუან-მართალი არ განსხვავდება ერთმანეთისგან და კანონს მხოლოდ რეჟიმი განაგებს!

სადაც მონობა ღირსებაზე უპირატესია და თუ კი მტრისაგან შეშინებული ლაჩრულად ცხოვრობ და მუდამ თავდახრილი მხოლოდ ლუკმაპურის შოვნისათვის ირჯები, აი ამას ჰქვია მშვიდობა.

„ქართული ოცნების” მიზანია, შექმნას ქვეყანა, სადაც ჩვენთვის, უბრალო ხალხისათვის არავითარი მომავალი არ იარსებებს, დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: რატომ ვართ ასეთი ღარიბები? ასეთი უძლურნი? მოსახლეობის უმრავლესობა იტანჯება გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობებით, უმუშევრობით, დაბალი ხელფასებით.

საოკუპაციო ხაზიდან იტაცებენ და კლავენ ადამიანებს, სკოლის მოსწავლეები შიმშილობენ, სტუდენტებს არ აქვთ საცხოვრებელი და სწავლის მაგივრად მუშაობაში ხარჯავენ დროს.

„ოცნების” დაუდევრობის შედეგად იხოცებიან ბავშვები, იკლო შობადობამ და საქართველოდან გარბიან ახალგაზრდები.

დედები მიდიან ემიგრაციაში, რომ საკუთარი ოჯახი არჩინონ, ქართველი მშრომელების უფლებებს და სატკივარს კი წლებია, მთავრობა უგულველყოფს.

მალე საქართველო სრულ კრიზისში აღმოჩნდება.

გვეყო ლოდინი, ნუ ველით, რომ ვინმე გამოჩნდება, რადგან საკუთარ ჭირს თავადვე უნდა ვუშველოთ.

გამოსავალი არის ძალების კონსოლიდირება. ერთიანი ძალა შევქმნათ, რომელიც დაამარცხებს ქოცების ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებას!

მინდა, ყველას კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, ვის ვებრძვით: არჩევნების გაყალბების შემდეგ საქართველოში „ქართულმა ოცნებამ” დაამყარა ავტორიტარიზმი, ქვეყანას მართავს რუსული ტიპის რეჟიმი. ერთადერთი გამოსავალი მათი ერთობლივი ძალებით ქვეყნიდან გაძევებაა!

ხედავთ, როგორ აწყობენ ცირკს სასამართლოებში. „ქართული ოცნება” აპირებს მოქალაქეების წლობით ციხეში გამოკეტვას. გააუქმებენ ყველა თავისუფალ პარტიას, ყველა კრიტიკულ მედიას. მოსპობენ სამოქალაქო სექტორს, ყველა მოქალაქეს დევნა და დაპატიმრება გველის, თუ არ ვიბრძოლებთ უკომპრომისოდ და უშიშრად.

გახსოვდეთ, ჩვენ ფიცი გვაქვს დადებული!

ყველამ კარგად გაიგოს და მოისმინოს: ქართველი ხალხის მოთხოვნა არის შემდეგი, გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, ანუ „ქართული ოცნება” სამუდამოდ მოშორდეს საქართველოს!

მინდა ყველამ გაიაზროს, რომ სახალხო პროტესტს არ ჰყავს ლიდერი და ლიდერები არიან ის ხალხი, ვინც ყოველდღე იბრძვის საკუთარი სხეულით, საკუთარი სიცოცხლის ფასად.

ჩვენი მოთხოვნა უნდა მოისმინონ ოპოზიციურმა პარტიებმაც და შეასრულინ ხალხის დაკვეთა.

ბოიკოტი თვითმართველობის არჩევნებს! და არავითარი ვაჭრობა და მოლაპარაკება „ქართულ ოცნებასთან”.

გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა!

ერთობის გზა აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებამდე”.

დღეს, 26 აპრილს უწყვეტი საპროტესტო აქციების დაწყებიდან 150-ე დღე შესრულდა.

2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებებს წყვეტს.

მას შემდეგ მოქალაქეები საპროტესტო აქციებს უწყვეტად მართავენ.

ამ დრომდე მოთხოვნები საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარება და აქციებში მონაწილეობის გამო დაპატიმრებულების გათავისუფლება იყო.

დღეს დემონსტრანტებმა განაცხადეს, რომ „ქართული ოცნების” პირობებში ვერ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ამიტომ მოთხოვნა „ქართული ოცნების” წასვლაა”.