გახარიას გუნდის წევრებმა პროკურატურას კობახიძის განცხადებების გამო მიმართეს

პუბლიკა

გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა ანა ბუჩუკურმა და მიხეილ დაუშვილმა პროკურატურას მიმართეს და ირაკლი კობახიძის განცხადებებზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს.

პარტიის წევრები ითხოვენ, პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება კობახიძის მიერ გავრცელებულ დანაშაულის შემცველ ინფორმაციაზე, გამოიკითხოს ირაკლი კობახიძე და ჩატარდეს დროული, სრულყოფილი გამოძიება. ისინი მოითხოვენ, რომ დანაშაულის დაუდასტურებლობის შემთხვევაში კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხი ცრუ დასმენის გამო დადგეს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძიემ გიორგი გახარიას მიმართ „კოკაინი“ არაერთხელ გამოიყენა. მან ექსპრემიერს „კოკაინშიკი“ უწოდა, შემდეგ თქვა, რომ „ეს პრობლემა“ მას „ოცნების“ გუნდში ყოფნის დროს არ ჰქონდა და ბოლო პერიოდში დაიწყო, შემდეგ კი თქვა, რომ გახარიას კოკაინი თანაგუნდელმა ქალმა გაასინჯა, რომელიც ამჟამად პარტიის საკრებულოს სიაშია. კობახიძეს ამ განაცხადებების დამადასტურებელი სამხილი არასდროს წარმოუდგენია.