გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ მოუწოდებს „ოცნებას“, ამნისტია შეეხოს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით პასუხისგებაში მიცემულ, დაჯარიმებულ და დაკავებულ პირებს.
ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
გახარიას გუნდის პოზიციაა, რომ „უსამართლობაა ამნისტია არ შეეხოთ იმ ადამიანებს, რომელთა ერთადერთი „დანაშაული“ ევროპული მომავლისთვის ბრძოლაა”.
„ციხიდან პატიმრების მასშტაბურმა გამოშვებამ არ უნდა გამოიწვიოს კრიმინალის ზრდა და დანაშაულის განმეორება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ვხედავთ ძალადობის აშკარა მატებას, სრულ განუკითხაობას ქუჩაში, კრიმინალური მენტალიტეტის დაბრუნებას, კრიმინალებთან ხელისუფლების პირდაპირ თანამშრომლობას.
ხელისუფლებამ ადამიანებს დაუკარგა უსაფრთხოების განცდა – ორი დღის წინ ცეცხლსასროლი იარაღით გაუსწორდნენ „გლოვოს“ კურიერს, რამდენიმე კვირის წინ 19 წლის ახალგაზრდა უბნის ე.წ. „მაყურებლებმა“ ცემით მოკლეს. შესაბამისად, სამართლიანი ვერ იქნება ამნისტია, რომელიც არ არის დაფუძნებული ანალიზზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თუ „ოცნების“ მიზანი ჰუმანურობაა და არა ამომრჩევლის მოსყიდვა და საარჩევნოდ ხმების მობილიზება, მოვუწოდებთ:
- წარმოადგინოს სანდო კვლევა, რათა ამნისტიის გადაწყვეტილება კრიმინალს კიდევ უფრო ზრდის და მოქალაქეების უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე არ იქნეს მიღებული;
- ამნისტია შეახოს რუსული კანონით დაზარალებულ პირებს და მოახდინოს ამ ადამიანების სრული სამართლებრივი რეაბილიტაცია;
- დააფიქსიროს ღია და მკაფიო პოზიცია, რომ ამნისტია არ შეეხება მიხეილ სააკაშვილს.
ამნისტიის სამართლიანობის ამ წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მზად ვართ, განვიხილოთ „ოცნების“ მიერ დაანონსებული ამნისტიის მხარდაჭერის საკითხი, დანაშაულების სიმძიმის და კატეგორიების გათვალისწინებით”, – ნათქვამია განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ივნისს, პარლამენტში მოხსენებისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ამნისტიის კანონის მიღებას გეგმავს. კობახიძემ თქვა, რომ ამნისტიის კანონპროექტი პირველი მოსმენით რიგგარეშე სხდომაზე განიხილება და მას სექტემბერში სამივე მოსმენით მიიღებენ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დღესდღეობით 10 ათასამდე პატიმარია და მნიშვნელოვანია, რომ მათი რაოდენობა შემცირდეს, რათა ქვეყანა ევროპულ მაჩვენებელს დაუახლოვდეს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ოპტიმალური იქნებოდა პატიმართა რაოდენობის მინიმუმ 1/3-ით შემცირება.
მამუკა მდინარაძემ გუშინ უპასუხა შეკითხვას, შეეხება თუ არა ამნისტია მიხეილ სააკაშვილს: „გამორიცხული მგონია, იმიტომ, რომ მე რა მუხლებსაც ვიხსენებ, მისი მუხლები აქ არ უნდა ეწეროს და დიდი სურვილიც არ არის ამისი“.