გახარიას პარტიის წევრი ამბობს, რომ წულუკიანმა იძლებული გახადა, სამსახური დაეტოვებინა

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი რუსუდან თევზაძე, რომელიც თეატრალურ უნივერსიტეტში მუშაობდა, ამბობს, რომ თეა წულუკიანმა იძულებული გახადა სამსახური დაეტოვებინა.

ამის შესახებ რუსუდან თევზაძემ გუშინ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, დღეს კი მედიასთანაც ისაუბრა.

„ქალბატონმა წულუკიანმა გადაწყვიტა, მას ასე მოუნდა უბრალოდ, რომ ავტონომიურ უწყებაში, უნივერსიტეტში – და ხაზგასმით უნდა აღვნიშნო – არჩევით თანამდებობაზე, მე არ უნდა გამეგრძელებინა მუშაობა. ამას მეტს მე ვერაფერს ვერ დავარქმევ, მან დაიწყო ვაჭრობა ბიუჯეტით, მძევლად აიყვანა უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის თანამშრომლები და თქვა, რომ თუ წავა თევზაძე, ბიუჯეტი გაეზრდება უნივერსიტეტს, თუ არ წავა და დარჩება, არ გაეზრდება ბიუჯეტი. მე მივიღე  გადაწყვეტილება, რომ დამეტოვებინა თანამდებობა, რადგან ვარჩიე ჩემი ძვირფასი კოლეგებისა და კიდევ უფრო ძვირფასი სტუდენტების ბედი“, – ამბობს ის.

რუსუდან თევზაძე ამბობს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც არ იყო ის მისაღები კულტურის სამინისტროსთვის და მინისტრისთვის, იყო ის ფაქტი, რომ ის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის წევრია.

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შაუტაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ უარყო რუსუდან თევზაძის სამსახურის დატოვება პოლიტიკური მოტივით. ის ამბობს, რომ თევზაძემ სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო და არ ყოფილა რამე ზეწოლა.