გამყრელიძის თქმით, სამედიცინო პერსონალის სავალდებულო აცრაზე რეკომენდაციას გასცემს

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ის რეკომენდაციას გასცემს, რომ საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ აცრა სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო გახდეს.

გამყრელიძის თქმით, ამ დროისთვის ექიმების 67%-ია აცრილი, მაგრამ ვაქცინაციის მაჩვენებელი დანარჩენ სამედიცინო პერსონალში უფრო დაბალია.

ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანის სოფო ზურაბიანის შეკითხვაზე, ხომ არ გეგმავენ სამედიცინო პერსონალისთვის აცრა სავალდებულო გახდეს, ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ გარკვეულ დაავადებებთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალის ნაწილის აცრა უკვე არის სავალდებულო. ასე რომ, შესაძლებელია კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციაც სავალდებულო გახდეს.

„ბევრი გვიფიქრია და ექიმებს სავალდებულოობა გვაქვს სხვა აცრებთან დაკავშირებით, მაგალითად, ჰეპატიტის აცრა, რომელიც სავალდებულოა აგრესიული დისციპლინების სამედიცინო პერსონალში – ქირურგები, ანესთეზიოლოგები, მეან-გინეკოლოგები. კანონითაა დადგენილი, რომ ისინი B ჰეპატიტის საწინააღმდეგოდ უნდა იყვნენ აცრილები, რადგან ძალიან მოწყვლადი ფენა გახლავთ.

ისევე, როგორც წითელას საწინააღმდეგოდ უნდა იყოს აცრილი სამედიცინო პერსონალი. ვისაც ცხოველებთან აქვს შეხება, ვეტერინარებს, ისინი ცოფის საწინააღმდეგოდ უნდა იყვნენ აცრილები და ა.შ.

სავალდებულოობა იმუნიზაციასთან დაკავშირებით ყოველთვის დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. თუმცა, ყველაზე უფრო დემოკრატიულმა ქვეყნებმა შემოიღეს დღეს ვალდებულება კოვიდის საწინააღმდეგოდ.

მაგალითად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა – თავდაცვის მდივანმა გამოსცა ბრძანება და ჯარისთვის აუცილებელი გახადა, იტალიამ გამოსცა ბრძანება და სამედიცინო პერსონალისთვის აუცილებელი გახადა.

მე, მაგალითად, რეკომენდაციას ვაკეთებ და მიმაჩნია, რომ  ჩვენ, ექიმები, სამედიცინო პერსონალი უნდა ვიყოთ მაგალითი.

ჩვენთან 82%-ია აცრილი და ყოველ დილით ვკითხულობ, როდის უნდა ავიდეთ 90%-ზე. ჩვენთანაც, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, არ ვართ 100% აცრილი და ყოველ დილას მჭირდება ახსნა-განმარტება ჩემს კოლეგებთან. 82% არაა ცუდი მაჩვენებელი, რაც გვაქვს, მაგრამ ჩვენ მაგალითი უნდა ვიყოთ დაავადებთა კონტროლის ცენტრი და 90-95% უნდა ვიყოთ აცრილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თუმცა, ამირან გამყრელიძის თქმით, როცა საუბარია სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის მაჩვენებელზე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ სფეროში დასაქმებული ხალხი კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალდა.