განათლების მინისტრმა მაია მიმინოშვილი საგანმანათლებლო კვლევების ცენტრის დირექტორად დანიშნა

პუბლიკა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი და საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის დამფუძნებელი, მაია მიმინოშვილი, საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის დირექტორი გახდა. დირექტორად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ მაია მიმინოშვილმა დაუდასტურა.

ცენტრი საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2023 წლის 23 იანვარს შეიქმნა. მის დებულებას კი, განათლების მინისტრმა ხელი 2023 წლის თებერვალში მოაწერა ხელი.

დებულების მიხედვით, ცენტრი უზრუნველყოფს განათლების სხვადასხვა საფეხურისთვის საკვანძო საკითხების უწყვეტი კვლევის ხელშეწყობას, შეფასებას და საგანმანათლებლო ინსტიტუციებს შესთავაზებს სისტემურად ორგანიზებულ ცოდნას არსებულ გამოწვევებზე ეფექტური რეაგირებისა და განათლების სისტემის განვითარების/მოდერნიზაციის მხარდასაჭერად.

ცენტრის მიზანია, სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობით და მაღალი ხარისხის ფართომასშტაბიანი შეფასებებით დაეხმაროს განათლების სფეროში გადაწყვეტილების მიმღებ და გამტარებელ ინსტიტუციებს განათლების ხარისხისა და თანასწორობის ზრდაზე ორიენტირებული ქმედითი ღონისძიებების დანერგვაში, ადამიანური კაპიტალის ფორმირებისა და განვითარების მდგრადი პირობების შესაქმნელად.

ცენტრის განსაკუთრებული მისიაა ხელი შეუწყოს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას განათლების ყველა საფეხურზე.

ამ ეტაპზე უცნობია ბიუჯეტიდან რა თანხა გამოიყოფა ცენტრის ფუნქციონირებისთვის. „პუბლიკა“ კითხვებზე პასუხის მისაღებად განათლების სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს.

მაია მიმინოშვილმა გამოცდებისა და ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობა 2018 წელს დატოვა. განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან მაია მიმინოშვილი 2018 წლის 10 სექტემბერს გაათავისუფლა. მიმინოშვილი ცენტრს 2008 წლიდან ხელმძღვანელობდა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობის დატოვების შემდეგ, მან მუშაობა აქვე  ა(ა)იპ საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციაში განაგრძო  და მუშაობდა ასევე „ქართულ ოცნებაში“  პარტიის წევრების გადამზადებასა და მათ დატრენინგებაზე. ამის შესახებ 2019 წელს პარტიის პრესსამსახური განაცხადა. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სწორედ პარტიის პრესსამსახურის განმარტებებს ეყრდნობა.