განსაცვიფრებელი განცხადება გააკეთეს ევროპარლამენტარებმა, საპირისპირო რასაც ეს ფორმატი გულისხმობს - ვოლსკი

პუბლიკა

ევროპარლამენტარებმა განსაცვიფრებელი განცხადება გააკეთეს. იგი აბსოლუტურად საპირისპიროა იმის, რასაც ჟან მონეს დიალოგის ეს ფორმატი გულისხმობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„განსაცვიფრებელი განცხადება გააკეთეს ევროპარლამენტარებმა, ვინაიდან თავად ჟან მონეს დიალოგის ეს ფორმატი დახურულ კარს მიღმა კონსულტაციებს ითვალისწინებს, რა საკვირველია, წინასწარი მომზადებით, თუმცა გარკვეული დღის წესრიგის გარეშე. იგი მიმართულია იმისკენ, რომ პოლარიზაცია შემცირდეს.

აღნიშნული განცხადება, რომ შალვა პაპუაშვილს არ ეცალა და მით პოლარიზაციის ხელშეწყობა, ჩვენი ოპონენტების კიდევ მობილიზება, რომლებმაც იმ წამსვე დრომოჭმული განცხადებების კეთება დაიწყეს რუსული და დასავლური ორიენტირების შესახებ, აბსოლუტურად საპირისპიროა იმის, რასაც ეს ფორმატი თავად გულისხმობს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვოლსკიმ.

ჟან მონეს დიალოგის ფასილიტატორი ევროპარლამენტარების საქართველოში ვიზიტი, რომელიც 21-22 იანვარს უნდა გამართულიყო, გაუქმდა. ევროპარლამენტარების განცხადებით, მიზეზი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „დრო ვერ გამონახა“.