„პაპუაშვილმა დრო ვერ გამონახა“ - ევროპარლამენტარების ვიზიტი გაუქმდა

პუბლიკა

ჟან მონეს დიალოგის ფასილიტატორი ევროპარლამენტარების საქართველოში ვიზიტი, რომელიც 21-22 იანვარს უნდა გამართულიყო, გაუქმდა. ევროპარლამენტარების განცხადებით, მიზეზი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „დრო ვერ გამონახა“.

„როგორც ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორები, ვწუხვართ, რომ 21-22 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი თბილისში აღარ გაიმართება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვერ გამონახა დრო, რომ პროცესში ჩართულიყო. ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტთან ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყების შესაძლებლობების შესწავლას, პარტიებს შორის დიალოგის განვითარების მიზნით უკეთესი დემოკრატიული საპარლამენტო კულტურისა და ნდობის დასამყარებლად. ჟან მონეს დიალოგის პროცესი არის მედიაციის მოქნილი და გამოცდილი ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია განსხვავებული პოზიციებისა და ინტერესების ერთმანეთთან შეთანხმება. ვწუხვართ, რომ ამ ამბიციური პროცესის დასაწყებად აუცილებელი პოლიტიკური პირობები ამ ეტაპზე შეუსრულებელია.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტს აქვს საკვანძო პოზიცია და პასუხისმგებლობა ქვეყანაში არსებული ხანგრძლივი და მავნე პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად და ინკლუზიური და რეფორმისტული დღის წესრიგის კუთხით პროგრესის მისაღწევად. ქვეყნის წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევებისა და მოქალაქეების მოლოდინის გათვალისწინებით, ჩვენ ვრჩებით ერთგულნი და ხელმისაწვდომი, რათა დავეხმაროთ საქართველოს პარლამენტს ამ ძალისხმევაში. კარგად ჩამოყალიბებული ინსტიტუციური თანამშრომლობის შესაბამისად, რომელიც უკვე არსებობს, ვიწვევთ საქართველოს პარლამენტს მოამზადოს ნიადაგი ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყებისთვის უახლოეს მომავალში“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტარები: ვიოლა ფონ კრამონი, მირიამ ლექსმანი და მარინა კალიურანდი.