გასულ წელს სავარაუდო დისკრიმინაციის 113 ახალი შემთხვევა განვიხილეთ | ომბუდსმენი

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დაცველის ანგარიშის მიხედვით,  ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ უარყოფითი გავლენა იქონია თანასწორობის უფლების ეფექტიან რეალიზებაზე.

ომბუდსმენის შეფასებით, ყველაზე მეტი დაბრკოლება ქალებს, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს, ლგბტ+ თემის წევრებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ექმნებოდათ.

2020 წელს სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 113 ახალი შემთხვევა განიხილა, საიდანაც 18% სქესის/გენდერის, 9% კი შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციას შეეხებოდა. 12% და 9% შეადგინა განსხვავებული მოსაზრების და პოლიტიკური შეხედულების გამო უთანასწორო მოპყრობასთან დაკავშირებით მომართვიანობის მაჩვენებელმა.

ანგარიშის მიხედვით, შრომითი ურთიერთობები დისკრიმინაციის მიმართ ამ საანგარიშო პერიოდშიც ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი სფერო იყო. დისკრიმინაციის ფაქტები გამოვლინდა ჟურნალისტების მიმართაც. გამოწვევად რჩება სექსუალური შევიწროება, რომელიც, ძირითადად, დასაქმების ადგილას და სამედიცინო მომსახურების მიღებისას ვლინდებოდა.

ომბუდსმენის გენდერული თანასწორობის კუთხით მიესალმება, რომ 2020 წელს დაინერგა საპარლამენტო გენდერული კვოტირების მექანიზმი. კვლავ განსხვავდება სქესთა შორის შემოსავლის საშუალო მაჩვენებელი.

„საქართველოში ქალები, კაცებთან შედარებით, 3-ჯერ მეტ დროს უთმობენ არაანაზღაურებად საოჯახო საქმიანობას. პანდემიის პირობებში ქალებისთვის კიდევ უფრო დამძიმდა საოჯახო საქმეებზე გაწეული აუნაზღაურებელი შრომის ტვირთი. არაერთი პრობლემა რჩება ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების ეფექტიანი განხორციელების მხრივაც.

საანგარიშო პერიოდში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კვლავ გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობებია (ფემიციდი).

სტატისტიკა აჩვენებს, რომ წლიდან წლამდე ფემიციდის შემთხვევების რაოდენობა არათუ იკლებს, არამედ იზრდება. თუმცა 2019 წელთან შედარებით 2020 წელს არ გაზრდილა და შეიძლება ითქვას, შემცირდა ძალადობის ფაქტებზე შეტყობინებების მაჩვენებელი.

აღნიშნული მიუთითებს, რომ პანდემიის პირობებში ქალები პირისპირ აღმოჩნდნენ მოძალადეებთან, რამაც გაზარდა ძალადობის რისკები, თუმცა შეამცირა შემთხვევათა გამოვლენის შესაძლებლობა, “- ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2020 წელს 24 ქალის მკვლელობის ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 15 შემთხვევაში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა, ქალის მკვლელობის მცდელობის 27 ფაქტიდან კი ოჯახური დანაშაულის ნიშანი 17 შემთხვევაში დაფიქსირდა. კვლავ არის შემთხვევები, როდესაც მსხვერპლის მიერ ძალადობის გაცხადების მიუხედავად, ფემიციდის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა.

საანგარიშო წელს, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში „გაუპატიურების“ ხარვეზიან ნორმაში (მუხლი 137) ცვლილებების შეტანას, რასაც ომბუდსმენი უარყოფითად აფასებს.

ანგარიშის მიხედვით, ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით, დაბალია შემთხვევათა გამოვლენის მაჩვენებელი და სერვისებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა.

„უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ადრეულ ასაკში ქორწინების და ნიშნობის როგორც თავიდან არიდების, ისე კონკრეტული შემთხვევების ეფექტიანად მართვა. პანდემიის ფონზე, დისტანციური სწავლების რეჟიმში კიდევ უფრო გართულდა ამგვარი შემთხვევების გამოვლენა და სოციალური მუშაკების მხრიდან მათი დროულად შესწავლა.

გაუმართავია შსს-ს, საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სოციალურ სამსახურს შორის კოორდინაცია და რეფერირების მექანიზმი.

მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, “- ნათქვამია ანგარიშში.