გელათის მთავარ ტაძარზე დროებითი გადახურვის სამუშაოები გრძელდება - სააგენტო

პუბლიკა

გელათის მონასტერის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე გრძელდება დროებითი გადახურვის წყალშემკრები სისტემის შეცვლისა და თუნუქის ფენილების გარემოზემოქმედებისაგან დამცავი ელემენტებით აღჭურვა – ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სრულად ჩანაცვლდა მთავარი ტაძრის დასავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი მინაშენების (ნართექსის, კარიბჭეების, ეკვდერებისა და მათი აბსიდების) დროებით გადახურვაზე მოწყობილი პლასტმასის წყალგადამყვანი სისტემის ჰორიზონტალური ღარები და ვერტიკალური მილები, მათ ნაცვლად ლითონის 100 მმ დიამეტრის ღარები, დგარები და ძაბრები დამონტაჟდა, რამაც ტაძრის ქვედა რეგისტრზე მინიმუმამდე გაანეიტრალა ფასადის კედლებზე ნალექის ზემოქმედება.

ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო

„ტაძრის ქვედა რეგისტრის მთელ პერიმეტრზე ახლადმოწყობილი ხარაჩოების მეშვეობით, დროებით გადახურვებსა და კრამიტის საბურველშორის სივრცეეზე განთავსდა ქარისგან დამცავი თუნუქის ელემენტები.

თუნუქის მყარი საბურველით გადაიხურა სამხრეთ-აღმოსავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი მკლავთაშორისი ფერდები, რომლებიც ამ დრომდე დროებითი გადახურვის ქვეშ მოქცეული არ ყოფილა. დროებითი სახურავის ფენილებზე დამონტაჟდა გარემოზემოქმედების დამცავი ელემენტები და წყალგამშემკრები სისტემა, რამაც სრულად აღმოფხვრა სახურავიდან ნადენი წყლით ტაძრის საპერანგე წყობის დატენიანების რისკი.

არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ მთავარი ტაძრის მთელ პერიმეტრზე სათანადო სპეციფიკაციის მილებით მოეწყო წყალგადამყვანი და სადრენაჟე სისტემა, რომელიც ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძრის დროებითი გადახურვიდან ნადენი ნალექის ორგანიზებულად მიღებასა და სანიაღვრე არხებში გადაყვანას უზრუნველყოფს.

ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო

ახლადმოწყობილი მიწისქვესა წყალგადამყვანი სისტემა გამორიცხავს ტაძრის სიახლოვეს წყლის ჭარბი ოდენობით დაგუბების ფაქტორსაც. მიმდინარე კვირის ბოლომდე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სამხრეთ, ჩრდილოეთ და დასავლეთ მკლავებზე მოწყობილ დროებით სახურავებზე სრულად გამოიცვლება და მოდერნიზდება წყალშემკრები სისტემები.

ტაძრის ქვედა რეგისტრის მსგავსად, მკლავების დროებით გადახურვებსა და კრამიტის საბურველშორის სივრცები ქარისგან დამცავი თუნუქის ელემენტებით. საპარლამენტო კომიტეტის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციისა და დარგის სპეციალიტების ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დროებითი გადახურვის სეგმენტური ფენილები პრევენციულად მოეწყობა წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაზეც. ეროვნული სააგენტოს ადმინისტრირებისა და ზედამხედველობის ქვეშ, დამცავი სახურავის მოწყობის პროცესი უკვე დაწყებულია და ის მომდევნო კვირას დასრულდება. დროებითი გადახურვის კონსტრუქციაზე დამონტაჟდება წყალგადამყვანი სისტემა, რომლის საშუალებით ნალექი მიწის ნიშნულზე მოწყობილ სანიაღვრე არხში გადავა.

სამონასტრო კომპლექსის 2 ტაძარზე მოწყობილი დროებითი სახურავის ფენილები არქიტექტურულ ძეგლებზე კომპლექსური კვლევის პროცესის დაწყებამდე შენარჩუნდება, რომლის ფარგლებში დარგის სპეციალისტებისა და საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით სრულად იდენტიფიცირდება რეაბილიტაციის შემდგომ ეტაპზე მთავარი ტაძრის სახურავზე გამოვლენილი ხარვეზები და განისაზღვრება მათი გამოსწორების საკონსერვაციო ღონისძიებები“, – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განხცადებაში.


2020 წლის თებერვალ-მარტში გელათის სამონასტრო კომპლექსში გამოვლენილი დაზიანებების გათვალისწინებით,  დადგინდა,  რომ ახალი ტექნოლოგიით დამზადებული კრამიტი, რომელიც ტაძრის ეკვდერების, ნართექსისა და საკურთხევლის გადახურვებისთვის იყო გამოყენებული, დაბალი ხარისხისაა, რამაც ინტერიერში წყლის ჩაჟონვა და კედლის მხატვრობის დაზიანება გამოიწვია.

ხარვეზების სათანადოდ იდენტიფიცირებისა და კვლევებისთავის საჭირო გახდა მისი დროებითი გადახურვის ქვეშ მოქცევა. კომპანიამ, რომელიც გელათში მუშაობდა, სააგენტოსთან და მის სპეციალისტებთან თანამშრომლობით გადაწყვიტა, რომ გელათის მთავარი ტაძარი თუნუქის სახურავით დროებით გადაეხურა, რაც ასევე კრიტიკის საგანი გახდა.

დროებითი გადახურვის სამუშაოები დაიწყო, თუმცა, როგორც სააგენტოს მიერ გაავრცელებული განცხადებით ირკვევა, დროებითი გადახურვის შემსრულებელი კომპანიის მიერ ფიზიკური სამუშაოების პროცესში დაშვებული შეცდომების გამო 18 იანვარს მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის სამხრეთ ფერდზე ქარის შედეგად დროებითი გადახურვის ფრაგმენტი აძვრა.

გამოვლენილი ხარვეზების გამოუსწორებლობის გამო, შემსრულებელ კომპანიებს „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს“ და „იკორთა 2007- ს“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმები განესაზღვრათ, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფი ძეგლის გათვალისწინებით 12000 – 12000 ლარს მოიცავს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის სახურავის დაზიანების მიზეზებისა და პასუხისმგებელი პირების დასადგენად გამოძიება დაიწყო.

სააგენტოს გადაწყვეტილებით დროებითი გადახურვის სამუშაოებს სხვა კომპანია, „ბაგინეთი +“ ახორციელებს.