ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.

პრესსამსახურის ცნობით, ღარიბაშვილმა ანტონიო გუტიერეშს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევა მიულოცა და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი გაეროსა და გენერალური მდივნის პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს გაეროს ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

„ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, გაეროს გენერალური მდივნის ანგარიში იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან, გაეროს გენერალური ასამბლეისა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციები უმნიშვნელოვანესი მექანიზმებია, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნდეს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყების ცნობითვე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე და ხაზი გაესვა გაეროს როლს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და აღინიშნა ამ ფორმატში კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მიღწევის აუცილებლობა.

როგორც ადმინისტრაცია ამბობს, ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა გაეროს ჩართულობისა და გადამწყვეტი ნაბიჯების მნიშვნელობაზე გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის აღდგენის საქმეში.

ღარიბაშვილის განცხადებითვე, საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია, რაც საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გაეროს გენერალური მდივნის შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.