ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარეებს გამოსავლის დიალოგით პოვნისკენ

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა და ოპოზიციასთან პოლიტიკურ მოლაპარაკებებზეც ისაუბრა.

მისი შეფასებით, ვიზიტი წარმატებული იყო. მისი თქმით, ევროკავშირსა და NATO-ში განიხილეს რეფორმები და პროგრესი. მან მადლობა გადაუხადა საჯარო მოხელეებს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში ჩართულობისთვის.

ღარიბაშვილმა ვიცე-პრეზიდენტ ბორელის განცხადებაზეც ისაუბრა.

„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მოვისმინეთ უმაღლესი წარმომადგენლის, ვიცე-პრეზიდენტის ბორელის შეფასება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური რეალობისა და სიტუაციის, ასევე, ჩვენ მოვისმინეთ მათი შეფასებები ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც მათი შეფასებით არის, რა თქმა უნდა, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტულ პირობებში ჩატარებული. აქედან გამომდინარე, მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ არავითარი საფუძველი არ არსებობს ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის, შესაბამისად, მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა მხარეს, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში გამოსავლის მოძებნა, იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას და გავაგრძელოთ ისეთ დიდ გამოწვევებზე კონცენტრირება, როგორიც არის კოვიდპანდემია, ეკონომიკური პრობლემები ქვეყანაში, უმუშევრობა, ოკუპაცია და ა.შ. მით უმეტეს, რეგიონში გართულებული უსაფრთხოების გარემოს ფონზე.

იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი მიიღებს გონივრულ სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს ამ დღეების განმავლობაში. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას იმისთვის, რომ გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში მივიღოთ შესაბამისი შეთანხმება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.