გიული ალასანიამ ენმ-ის არჩევნებზე ჟურნალისტებს სააკაშვილის პოზიცია გააცნო

პუბლიკა

კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და ენმ-ის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სააკაშვილის პოზიცია გააცნო.

გიული ალასანიას თქმით, შედეგების გამოცხადებამდე სააკაშვილი „არანაირად არ ჩარეულა“ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებში და მხოლოდ დღეს მოისურვა პოზიციის გაზიარება საზოგადოებისთვის.

ალასანია ამბობს, რომ სააკაშვილი ხაბეიშვილს გამარჯვებას ულოცავს და ყველა მხარეს ერთიანობისკენ მოუწოდებს.

„ახლა ასეთი პოზიციაა. დიდი პატივს ვცემო ნიკა მელიასო, მიმაჩნია, რომ ის ნამდვილი გმირიაო, მაგრამ ახლა, დღეს, ულოცავს ლევან ხაბეიშვილს და უსურვებს დიდ წარმატებას და დიდი სურვილი აქვს და ყველას მოუწოდებს, რომ ძალა ერთობაშია, არანაირ დაშლაზე, რომ არ იყოს საუბარი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” არჩევნები დასრულდა. ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58% მიიღო, ნიკა მელიამ კი – 40%. პარტიის ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.