GNCC-ის უფლებამოსილებას „უხამსი“ პროგრამების სანქცირებაზე საკონსტიტუციოში ასაჩივრებენ

პუბლიკა

საია და „მთავარი არხი“ ერთობლივად ასაჩივრებენ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ ნორმას, რომლიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განმარტებით, მას  „უხამსი“ პროგრამების ეთერში გაშვებისათვის მაუწყებლის სანქცირების უფლებამოსილებას ანიჭებს, – ინფორმაციას ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ავრცელებს.

„კომუნიკაციების კომისიამ 2021 წლის 1 თებერვალს ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად გადაცემაში „მთავარი შაბათს“ ჟურნალისტ ბექა ყორშიას სიუჟეტის გაშვების გამო. ამ სიუჟეტის ეთერში გაშვებისათვის კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ სამართალდამრღვევად ცნო. კომისიის მოტივაცია – აკონტროლოს გადაცემის უხამსი შინაარსი, მთლიანად ეფუძნება საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების არასწორ ინტერპრეტაციას…

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება, სანქცია დააკისროს მაუწყებელს „უხამსი“ პროგრამის ეთერში გაშვებისათვის, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც, გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს „მხოლოდ კანონით”. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი არ ადგენს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებას, ებრძოლოს „უხამს“ პროგრამებს ტელევიზიასა და რადიოში”, – წერს საია.

საიას განცხადება სრულად იხილეთ ბმულზე.