გოგიტა თოდრაძე საქსტატის აღმასრულებელ დირექტორად მესამე ვადით დაინიშნა

პუბლიკა

ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორად გოგიტა თოდრაძე ახალი ვადით დაინიშნა.

საქსტატის ინფორმაციით, თოდრაძე კონკურსის წესით შეირჩა. საკონკურსო პროცესი კი ჩაატარა  მთავრობის 2026 წლის 16 მარტის №110 დადგენილებით შექმნილმა კომისიამ, რომელმაც კანდიდატების შეფასების შედეგად გოგიტა თოდრაძე შეარჩია და მისი კანდიდატურა ირაკლი კობახიძეს დასანიშნად წარუდგინა.

გოგიტა თოდრაძე საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს. მეორედ ის თანამდებობაზე 2022 წლის მაისში დაამტკიცეს.

თოდრაძე მესამე ვადით დანიშვნის შემდეგ უფლებამოსილების შესრულებას 2026 წლის 3 მაისიდან შეუდგება.

„გოგიტა თოდრაძეს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის (სტატისტიკის) და სამართლის მიმართულებით. 2006 წლიდან ფლობს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხს.

მას აქვს საქსტატში მუშაობის თითქმის 25-წლიანი გამოცდილება. კარიერა დაიწყო 2002 წელს მოსახლეობის აღწერის სამმართველოში ეკონომისტის პოზიციაზე. სხვადასხვა წლებში მუშაობდა სოციალური ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსის მოადგილედ, თბილისის სტატისტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილედ და უფროსად. 2006-2016 წლებში იყო ბიზნეს სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი, 2016-2018 წლებში — აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ხოლო 2018 წლიდან — აღმასრულებელი დირექტორი.

გოგიტა თოდრაძე აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო სტატისტიკურ საქმიანობაში. 2017 წლიდან მონაწილეობს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ექსპერტთა სამუშაო ჯგუფებში. 2019-2022 წლებში იყო გაეროს სტატისტიკის კომისიის (UNSC) წევრი.

2018 წელს არჩეულ იქნა გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს წევრად, ხოლო 2020-2022 წლებში იმავე ბიუროს თავმჯდომარის პოზიცია ეკავა.

2025 წლის ივნისიდან არის UNECE-ის ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის (CES) ბიუროს წევრი და ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 2025 წლის სექტემბერში აირჩიეს საერთაშორისო სტატისტიკის ინსტიტუტის (ISI) წევრად.

გარდა ამისა, გოგიტა თოდრაძეს აქვს 15-წლიანი უწყვეტი პედაგოგიური გამოცდილება. 2009 წლიდან კითხულობს ლექციებს სტატისტიკის მიმართულებით სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. 2017 წლიდან არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2022 წლიდან — კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული პროფესორი“, – ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.

„ქართულმა ოცნებამ“ 4 მარტს მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იმავე პირის ორზე მეტი ვადით დანიშვნაა შესაძლებელი.

„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების ავტორები მიიჩნევენ, რომ „ეს ცვლილება უზრუნველყოფს, რომ აღმასრულებელი დირექტორის ხელახალი დანიშვნა დამოკიდებული იყოს მის პროფესიულ გამოცდილებაზე, მიღწეულ შედეგებსა და ნდობაზე და არა წინასწარ დადგენილ რაოდენობრივ შეზღუდვაზე“.

კანონში მოგვიანებით კიდევ ერთი ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორისა და საბჭოს წევრების თანამდებობაზე დანიშვნა პარლამენტის თანხმობის გარეშე შეეძლება.

შეტანილი ცვლილებით არ გაუქმებულა ზედამხედველობის მექანიზმი, შესაბამისად, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი კვლავ ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და მთავრობის წინაშე და არაუგვიანეს ყოველი წლის პირველი მაისისა პარლამენტსა და მთავრობას საქსტატის საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს.