„გოგო თმებით ათრია“ - ძალადობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, „ფაბრიკის“ ტერიტორიაზე ქალზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. „პუბლიკის“ მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, დაკავებული რუსეთის მოქალაქეა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

12 ნოემბერს მოქალაქე ანა ჯაფარიძემ Facebook-ზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ პარასკევს „ფაბრიკაში“ 20-დან 23 წლამდე გოგონებთან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი სლავური გარეგნობის ბიჭი მივიდა, მას ერთ-ერთთან ცეკვა სურდა. მას შემდეგ, რაც ცეკვაზე უარი მიიღო, გოგონაზე იძალადა:

„ბიჭი ხელებს კიდებს გოგონას და და მისკენ იზიდავს, გოგონა უძალიანდება, ბიჭი იწევს თმებისკენ და ისე ებღაუჭება რომ 4 ადამიანი ცდილობს გოგონა გამოგლიჯოს ბიჭს, ამ გაწევ გამოწევაში ბიჭი ძირს ეცემა, მაგრამ გოგონას თმაში ხელს არ უშვებს, ორივე ძირს ვარდებიან და მიუხედავად ხალხის ძალისხმევისა, ბიჭი გოგონას ძირს თმებით ათრევს. როგორც იქნა, მოვიდა დაცვა და ბიჭი გაათრიეს, გოგონა შოკურ მდგომარეობაში და ამ წამამდე როცა მე ამ სტატუსს ვწერ პანიკური შეტევა აქვს…

მოვიდა პოლიცია, სასწრაფო, გამოძიება დაიწყო ძალადობის მუხლით, მაგრამ პოლიცია ამ წამამდე სვამს კითხვებს გოგოს მისამართით
– ფხიზელი იყავით?
– რის ნიადაგზე მოხდა ძალადობა ?
მესმის რომ ალბათ ეს თქვენი დამპალი პროტოკოლია, მაგრამ ხო შეიძლება სიტუაციურად იმოქმოდოთ და თან იცით რომ მოძალადე ნაბიჭვარი რუსია ( დააკავეს და რუსული პასპორტი აღმოაჩნდა) და გოგო ქართველი! საშიშია ამ ქვეყანაში ცხოვრება, საშიშია ქალად ყოფნა, საშიშია არსებობა!“, – წერდა ანა ჯაფარიძე.