გოშევსკა: მემუქრებიან, თუ გავაგრძელებ სააკაშვილზე საუბარს, საქართველოში არ შემომიშვებენ

პუბლიკა

პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერი მალგოჟეტა გოშევსკა ამბობს, რომ მას საქართველოში არშემოშვებით ემუქრებიან თუ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბარს გააგრძელებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„მინდა ვთქვა, რომ მე არ მეშინია იმ მუქარის, რომელიც ისმის ჩემი მისამართით. თუ ისევ გავაგრძელებ პრეზიდენტის სიცოცხლეზე და საქართველოს სიტუაციაზე საუბარს, მემუქრებიან, რომ საქართველოში შემოსვლის საშუალება აღარ მექნება. ასეთი საფრთხე და მუქარა მოისმინა ჩვენმა ელჩმა, რომელსაც პირდაპირ განუცხადეს ეს. მე მაგალითად არ მაქვს რუსეთში და ბელარუსში შესვლის საშუალება ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე და თუ ამ ქვეყნებს დაემატება საქართველო, აქ ყველაფერი ნათელი იქნება…

ასეთი მუქარა იყო ფორმალურ საუბარში, რომელიც ჩაატარეს პოლონეთის რესპუბლიკის ელჩთან, ბატონ მაშკიევიჩთან. ოფიციალურ საუბარში გაისმა ეს მუქარა. იმედი მაქვს, აქამდე არ მივა საქმე. მინდა, საქართველო დაბრუნდეს ნორმალურ წრეზე და იყოს საშუალება, რომ მოვინახულოთ პოლიტიკური პატიმრები, “- განაცხადა მან.

მისივე თქმით, წლების განმავლობაში ნახულობდა ციხეში ყოფილ პრემიერს, ვანო მერაბიშვილს. მაშინ ჰქონდა ამის საშუალება, ახლა კი არ აქვს, რადგან რამდენჯერმე უარი უთხრეს მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე.

„როგორც ვიცი ეს საუბარი შედგა საგარეო საქმეთა სამინისტროში. როცა ასეთი ტიპის საუბრები ტარდება, ეს როგორც წესი საგარეო საქმეთა სამინისტროში ტარდება და მას [პოლონეთის ელჩს] იქ მიაწოდეს ეს ინფორმაცია. ელჩს უთხრეს, რომ თითქოსდა ჩემი გამონათქვამები ზიანს აყენებენ საქართველოსა და პოლონეთის ურთიერთობას, ასევე ანა ფოტიგას გამონათქვამები. ამ კონტექსტში ელჩს უთხრეს, რომ მე დამემუქრება საქართველოში შემოსვლის აკრძალვა“,- ამბობს გოშევსკა. სინქრონული თარგმანუ ეკუთვნის „ფორმულას“.