„გუშინ, გუშინწინ ეთერებს ვაკვირდებოდი და ნიკა მელია საერთოდ აღარ ისმოდა“ – წულუკიანი

პუბლიკა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა პარლამენტში განაცხადა, რომ ნიკა მელია სულ უფრო ნაკლებად იქნება მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

მისი თქმით, დროა, მელიამ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და თავი გაითავისუფლოს პატიმრობიდან. თეა წულუკიანის ამ კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.

„გუშინ, გუშინწინ ეთერებს ყურადღებით ვაკვირდებოდი და ნიკა მელია ან საერთოდ აღარ ისმოდა, ან ძალიან იშვიათად ისმოდა. ჩემს დროს ასე იყო,  ალბათ, ახლაც ასეა და საკანში მყოფი ნიკა მელიასთვის ყველა სატელევიზიო არხია ხელმისაწვდომი. იმედია, გააანალიზებს და მიხვდება, რომ ასეთია ცხოვრება, რაც დრო გავა, ნელ-ნელა უფრო ნაკლებად იქნება მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამიტომ დროა, მან მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები, კანონის დაცვით თავად საკუთარი თავი გაათავისუფლოს პატიმრობიდან.

ამ კაცის პოლიტიკური კარიერა არ გადის ციხეზე. მისი გარემოცვა და პოლიტიკური თანამებრძოლები, ვინც მელიას ამას აჯერებს, პირდაპირ ვიტყვი, არიან მისი მომავლის მტრები. ის სჭირდებათ ინსტრუმენტად. იმედი მაქვს, ნიკა მელია არ გამოაყენებინებს არავის თავს უბრალო ინსტრუმენტად არც თბილისში, არც კიევში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.