გუშინდელი გადაწყვეტილებით ქართველ ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება გუშინ, 6 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას  მიხეილ სააკაშვილის საქმეზე.

„პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება ყველას ევალება – ერთი რამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართველ ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა.

….პრეზიდენტისკენ ხელის გამოშვერა არაფრის მომტანია, თუ არა კიდევ ერთხელ საზოგადოების მოტყუების მცდელობა, ვითომ არ იცოდეს ყველამ, ან ერთმა ან მეორემ, რომ პრეზიდენტის შეწყალებით მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება (კიდევ სამ საქმეზე არის ბრალდებული)  და რაც მთავარია ვითომც ამ  ხელმოწერით ქვეყანა თავის სახეს და რეპუტაციას ვერ დაიბრუნებს და ვერც გადამწყვეტ შედეგს მიაღწევს ევროპულ გზაზე, “- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 

ის ამბობს, რომ ყველამ უნდა დაამთავროს ამ ქვეყნის მომავლით სპეკულირება და თამაში, აიღოს პასუხისმგებლობა და შეწყვიტოს ქვეყნის სახის დაზიანება.

„ეს საკითხი ქართული პოლიტიკური სივრციდან უნდა მოიხსნას და ამით ამ ქვეყანას საშუალება მიეცეს, ისუნთქოს, იცხოვროს, განვითარდეს და მიიღოს  ევროკავშირის დამსახურებული კანდიდატის სტატუსი! ეს არის საქართველოს მოსახლეობის ნება და დაკვეთა თავისი ხელისუფლების მიმართ და არავის აქვს უფლება ყველაფერი არ გააკეთოს ამ ნების აღსასრულებლად, “- ამბობს ის.