გვაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო დაადგენს, ყველაფერი კანონის სრული დაცვით რომ მოხდა - იონათამიშვილი

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ეხმაურება საკონსტიტუციო სარჩელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით.

როგორც იონათამიშვილი აცხადებს, აქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ პროცესი სამართლიანად და კანონის სრული დაცვით წარიმართა.

„გვაქვს ერთადერთი ბუნებრივი მოლოდინი, საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ ყველაფერი სამართლიანად და კანონის სრული დაცვით მოხდა. […]

მთელი ამ ხნის მანძილზე ჩვენ ვერც ერთი სამართლებრივი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ. პროცესი ნამდვილად გამართული იყო“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ 25 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს.

საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 30 დეკემბერს დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, სახელმწიფოს ინსპექტორის სამსახური, მოქმედი ფორმით უქმდება და იქმნება ორი ახალი სამსახური, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პერსონალური მონაცემების დაცვასა და სამართალდამცავთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე.

კანონის მიღების შემდეგ იყო მოლოდინი, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მას ვეტოს დაადებდა, თუმცა, 13 იანვარს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბება არ შეიცავს კატეგორიული ხასიათის სამართლებრივ წინააღმდეგობას, ამიტომ მან კანონს ხელი მოაწერა.