„გვარი დამიბრუნე" - პლატფორმა „სალამი" პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს

პუბლიკა

სამოქალაქო პლატფორმა „სალამმა“ კამპანია „გვარი დამიბრუნეს” ფარგლებში 27 000-მდე საქართველოს მოქალაქის ხელმოწერა შეაგროვა და საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს მიმართა.

მათი თქმით, კანონპროექტი მიზნად ისახავს, შექმნას საკანონმდებლო მექანიზმი, რაც შესაძლებლობას გააჩენს საქართველოს მოქალაქეების გვარებიდან არაავთენტური დაბოლოებების (ოვ, ევ და სხვა) ჩამოშორებისა და საკუთარი ავთენტური გვარის დაბოლოებების დაბრუნების უფლების მინიჭებას.

რა არის პრობლემა?

როგორც პლატფორმა კანონპროექტში აღნიშნავს, რუსეთის იმპერიამ მე-19 საუკუნის 40-იანი წლებიდან მოყოლებული და შემდგომში უკვე საბჭოთა ხელისუფლებამ, მოსახლეობის კონტროლისა და ზუსტი აღრიცხვის გაიოლების მიზნით სავალდებულო გახადა გვარების, ე.წ., გაფორმება პირსახელზე რუსული გვარების მაწარმოებელი (ოვ/ევ ან/და სხვა) სუფიქსების დართვით. ჩვეულებრივ პირის მამის ან პაპის სახელს ურთავდნენ რუსულ სუფიქსებს და ასე იღებდნენ გვარს. საბჭოთა ხელისუფლებამ მეორე მსოფლიო ომის წინ დაიწყო გვარებისთვის სუფიქსების დართვა, აღნიშნული პროცესი დაახლოებით 1950-იანი წლების დასაწყისში დასრულდა.

მათი თქმით, ზემოაღნიშნული პროცესის შედეგად, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების დიდმა ნაწილმა დაკარგა ავთენტური გვარები. არსებული მდგომარეობით თითქმის შეუძლებელია ძველი გვარების აღდგენა, ვინაიდან სამოქალაქო რეესტრის საარქივო დოკუმენტები ან საერთოდ არ მოიპოვება ან ამ დოკუმენტებშიც უკვე რუსული სუფიქსით გადაკეთებული გვარები ფიქსირდება. პირვანდელი ავთენტური გვარის დაბრუნების სამართლებრივი შესაძლებლობა არ არსებობს.

როგორც „სალამი” ამბობს, რომ სამოქალაქო რეესტრის პრაქტიკა იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც პირის მოთხოვნას – ჩამოშორდეს მის გვარს, არაავთენტური სუფიქსი და დაუბრუნდეს პირვანდელი სახე, არაერთგვაროვანია. მათივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, განმცხადებლის მოთხოვნა არ კმაყოფილდება, ვინაიდან, ზემოაღნიშნული რეგულაციები არ პასუხობს განმცხადებლის მოთხოვნებს და არეგულირებს სხვა სამართალურთიერთობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, არარაციონალურად იკარგება დრო, თანხები, ადამიანური და სხვა რესურსები, ხოლო განმცხადებელი სასურველ შედეგს ვერ აღწევს.

როგორც ორგანიზაცია წერს, მათ მიერ მომზადებული კანონპროექტით შემოთავაზებული რეგულაცია დახვეწს და გააუმჯობესებს მოქმედ ნორმატიულ აქტს. დაინტერესებული პირები შეძლებენ მარტივად დაიბრუნონ ავთენტური გვარები. ამასთან, როგორც მათთვის ასევე საკითხის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოსთვის ნათელი გახდება და გამარტივდება ავთენტური გვარების შეცვლის პროცედურა.