გვიმრაძეზე საბჭოს წევრთა განცხადებას საზმაუ სარედაქციო დამოუკიდებლობის შელახვის მცდელობად აღიქვამს

პუბლიკა

16 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს სხდომაზე სამეურვეო საბჭოს წევრმა, ლიკა ბასილაია-შავგულიძემ საბჭოს კიდევ ორი წევრის, ლაშა ტუღუშისა და ზაზა აბაშიძის სახელით განცხადება გააკეთა. საბჭოს წევრები მაუწყებლის დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს ამბების ბლოკის ხელმძღვანელის, გიორგი გვიმრაძის შესახებ მოხსენებითი ბარათის მომზადებას სთხოვენ.

საბჭოს წევრთა შეფასებით, გვიმრაძე მუდმივად ეჭვქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს, რაც არ მოდის თანხვედრაში მაუწყებლის პრიორიტეტებთან. მაუწყებელი უკვე გამოეხმაურა საბჭოს წევრთა განცხადებას. საზოგადოებრივი მაუწყებელი თავის განცხადებაში წერს, რომ საბჭოს წევრთა ამ მოწოდებას თანამშრომელზე ზეწოლად და, ასევე, სარედაქციო დამოუკიდებლობის შელახვის მცდელობად აღიქვამს.

რას ითხოვენ საბჭოს წევრები?

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე სამეურვეო საბჭოს წევრმა, ლიკა ბასილაია-შავგულიძემ განაცხადა, რომ განცხადებას აკეთებს თავისი, ასევე საბჭოს კიდევ ორი წევრის, ლაშა ტუღუშისა და ზაზა აბაშიძის სახელით:

„მე მსურს, მე, ლაშა ტუღუშსა და ზაზა აბაშიძეს, თინათინ ბერძენიშვილმა, ჩვენმა გენერალურმა დირექტორმა, წარმოადგინოს თავისი შეხედულება, დამოკიდებულება, მოხსენებითი ბარათი ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელის, გიორგი გვიმრაძის შესახებ. ბოლო რამდენიმე გადაცემაში გიორგი გვიმრაძე მუდმივად ეჭვქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს, სვამს გაურკვეველ შეკითხვებს. შემიძლია, ციტირებაც მოვიტანო, თუ საჭირო იქნება, წერილობითაც. ამას ბევრი ადამიანი ეხმიანება და ბევრი შეკითხვა გაუჩინა მოსახლეობის ფართო ფენებს. 85 პროცენტი ამ ქვეყნის მოსახლეობის ვართ ევროინტეგრაციის კურსის მომხრე და ამიტომ მაინტერესებს. მინდა, ქალბატონმა თინათინმა მოამზადოს მოხსენებითი ბარათი, მოიკვლიოს ეს საკითხი, გაარკვიოს, რა არის ამ ადამიანის საგარეო ორიენტირი, რა არის მისი მრწამსი, რა არის მისი მისწრაფება. აქედან გამომდინარე, მიიღოს საკადრო გადაწყვეტილება აღნიშნულ პიროვნებასთან დაკავშირებით. ეს ადამიანი ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს გზას, ჩვენს მისწრაფებებს, ჩვენს საგარეო კურსს, ეს არ მოდის თანხვედრაში მაუწყებლის პრიორიტეტებთან, რომელიც მაუწყებელმა მოიკვლია, დაადგინა, დაამტკიცა და გვაქვს გაწერილი. აქედან გამომდინარე, ვისურვებ, უახლოეს მომავალში მომზადდეს და ჩვენთან მოხსენება გაკეთდეს“, – განაცხადა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ.

რა უპასუხა მაუწყებელმა?

„საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზნები და ღირებულებები არის კანონით განსაზღვრული და საჯარო. იგი ევროპული ინსტიტუციაა და მისი ვალდებულებაა, იყოს ქვაკუთხედი დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში, ხელი შეუწყოს ადამიანების მოსაზრებების დაახლოებას, გააძლიეროს ქართული საზოგადოება და კულტურა.

პირველი არხის ჟურნალისტები თავდაუზოგავად შრომობენ, რათა საზოგადოებას გადამოწმებული, დაბალანსებული და მიუკერძოებელი ინფორმაცია მიაწოდონ. მიმდინარე რთული დღეების განმავლობაშიც საზოგადობრივი მაუწყებელი საზოგადოებას აწვდიდა ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას მიმდინარე პროცესების შესახებ.

ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ორგანიზაცია ემსახურებოდეს მრავალფეროვანი მოსაზრებების ტრანსლირებასა და პლურალიზმს. ამასთან, ჩვენ ვიაზრებთ პასუხისმგებლობას, რომელიც გვაკისრია საზოგადოების ერთიანობის შენარჩუნებისთვის და რადიკალური დაპირისპირების აღმოსაფხვრელად. ამ თვალსაზრისით შემაშფოთებელია სამეურვეო საბჭოს წევრის ლიკა ბასილაია-შავგულიძის განცხადება, რომელიც მან სამეურვეო საბჭოს სხვა ორი წევრის, ლაშა ტუღუშისა და ზაზა აბაშიძის სახელითაც გააკეთა – მოითხოვა არხის წამყვანის და ჟურნალისტის მრწამსის დადგენა და, შესაბამისად, მის მიმართ საკადრო გადაწყვეტილების მიღება.

ამ მოწოდებას აღვიქვამთ, ერთი მხრივ, ჩვენს თანამშრომელზე ზეწოლად და, ასევე, სარედაქციო დამოუკიდებლობის შელახვის მცდელობად. ადამიანის მრწამსის შესწავლის მოთხოვნა თავისთავად სახიფათო პრეცედენტია იმ საზოგადოებაში, რომელშიც პოლარიზაციის დაძლევის ამოცანა ისედაც მტკივნეულად დგას. ასევე, საშიშ ტენდენციას წარმოადგენს ადამიანების ორიენტაციისა და მრწამსის კვლევა და ამ ნიშნით სეგრეგაცია.

მიგვაჩნია, რომ სამეურვეო საბჭოს წევრები მაგალითს უნდა წარმოადგენდნენ თითოეული თანამშრომლისთვის, რათა ცხადი იყოს, რა მიზნებს ემსახურება ეს ორგანიზაცია. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ის, ვინც უნდა იცავდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მისწრაფებებს და სარედაქციო დამოუკიდებლობას, თავად ცდილობს ამის დარღვევას.

საქართველოს პირველი არხი არის და იქნება საკუთარი მისწრაფებების ერთგული. ის არის და იქნება ევროპული ინსტიტუცია, რომლისთვისაც სწორედ მრავალფეროვნებაა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულება. მიგვაჩნია, რომ ამ ღირებულებას ვიცავთ საზოგადოების წინაშე მაღალი პასუხისმგებლობით და დისკუსიათა წარმოების მაღალი სტანდარტით“.