ჰარცელის განცხადება იყო მეტისმეტად რბილი, შეიძლება მელიამ გაიგოს, როგორც „მწვანე შუქი“ - კობახიძე

პუბლიკა

„კარლ ჰარცელის განცხადება იყო მეტისმეტად რბილი და ეს მეტისმეტად რბილი შეიძლება ნიკა მელიამ, რომელსაც ისედაც აქვს ინტელექტის პრობლემა, შეიძლება, გაიგოს, როგორც მწვანე შუქი შემდგომი პროვოკაციებისთვის, – განუცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

„ნიკა მელიას ქმედება უნდა შეფასებულიყო, მან შეურაცხყოფა მიაყენა ევროკავშირის ოფისსაც, რადგან ის შედიოდა ევროკავშირის ოფისში, როდესაც ასეთ რაღაცას აკეთებს ფორმალური თავმჯდომარე, თუნდაც მთავარი ოპოზიციური პარტიის, ეს საჭიროებს მძიმე შეფასებას, თუმცა ჩვენ ასეთი შეფასება ვერ მოვისმინეთ“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი 23 სექტემბერს ევროკავშირის ოფისის წინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„ვწუხვარ, რომ წარმომადგენლობის ოფისის წინ ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა, თუმცა მივესალმები იმას, რომ ერთ-ერთმა მათგანმა საზოგადოებას შემდგომ ბოდიში მოუხადა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. ასევე, შემაშფოთა წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირების შემდეგ შექმნილმა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა სიტუაციამ, რომლის შესახებ მქონდა კომუნიკაცია შესაბამის სახელმწიფო სამსახურებთან. ნება მომეცით, გავიმეორო ის გზავნილი, რომელიც გასულ კვირას გამოვთქვი – ვგმობ წინასაარჩევნო კონტექსტში მომხდარ ძალადობის ფაქტებს და მოვუწოდებ მათი სწრაფად და სიღრმისეულად გამოძიებისკენ; ასევე ვთხოვ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება“,- აცხადებს ელჩი.