ჰერჩინსკი: მოვუწოდებთ მთავრობას პატივი სცეს მიხეილ სააკაშვილის უფლებებს

პუბლიკა

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ დღეს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მოუწოდებს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მთავრობას პატივი სცეს ყველა პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის უფლებებს.

„მიმდინარე სასამართლო პროცესებს ყურადღებით ვაკვირდებით. ვიმედოვნებთ, რომ საქმის წარმოება მალე დასრულდება. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას პატივი სცეს როგორც ყველა პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის უფლებებს. ეს მათი პასუხისმგებლობაა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთებულები ვართ და ვიმედოვნებთ, რომ ის გაუმჯობესდება” – აცხადებს ჰერჩინსკი.

ევროკავშირის ელჩი საქართველოს პარლამენტში დღეს კომიტეტის თავმჯდომარეებს ხვდებოდა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ამ წლის ბოლოს ჯერ ევროკომისია, შემდეგ კი ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე იმსჯელებენ და ქვეყნის ევროკავშირში სამომავლო გაწევრიანების პერსპექტივას გადაწყვეტენ.

„როგორც ევროკავშირის ელჩი საქართველოში, მზად ვარ ამ პროცესში დაგეხმაროთ. იმედი მაქვს პოზიტიური შეგდები გვექნება, რაც თავისთავად ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სამომავლო ნაბიჯებზე და მათ შორის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე აისახება, “- თქვა მან.