ჰოსპიტალურ სექტორში 7 410 პაციენტია, მობილიზებული კი 8 022 საწოლია - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ამ დროისთვის ჰოსპიტალურ სექტორში 7410 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი იმყოფება, მობილიზებული კი 8 022 საწოლია.

„ჰოსპიტალურ სექტორში ამ დროისთვის არის 7 410 პაციენტი, აქედან 1568 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 376 პაციენტი იტარებს მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში. მობილიზებულია 8 022 საწოლი – ეს არის მაქსიმალური დატვირთვა, თუმცა ჰოსპიტალური სექტორი კიდევ ცდილობს დამატებითი საწოლების მობილიზებას სომატური განყოფილებების პროფილის ცვლილების ხარჯზე“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ვაქცინაციის პროგრამა საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროგრამამ გარდატეხა შეიტანოს პანდემიის მიმდინარეობაში, დღის განმავლობაში დაახლოებით 40 ათასი აცრა მაინც უნდა ჩატარდეს.