იცვლება საზმაუს მეურვის არჩევის წესი - ცვლილებები რეგლამენტში

პუბლიკა

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს.

საკანონმდებლო პაკეტი საპროცედური კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა შალვა პაპუაშვილმა.

მან დოკუმენტში შესატანი ცვლილებები 14 საკითხად დაჰყო.

ერთ-ერთი საკითხი შეეხება პარლამენტის რეგლამენტის იმ მუხლს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის არჩევის წესს არეგულირებს.

შალვა პაპუაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ მოქმედი რეგულაცია „შინაარსობრივად აბსურდულია.“

რას ამბობს მოქმედი წესი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 11 წევრისგან შედგება.

პარლამენტი მეურვეებს ირჩევს:

  • ორს სახალხო დამცველის წარდგინებით
  • სამს საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებით
  • სამს საპარლამენტო ოპოზიციის წარდგინებით
  • სამს აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წარდგინებით

მოქმედი რეგლამენტით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის (მეურვის) კანდიდატურა ღია კონკურსით შეირჩევა.

კონკურსს აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. იქმნება 9-წევრიანი კომისია, რომელიც კომპლექტდება პარლამენტის წევრებთან, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოთან და სახალხო დამცველთან თავმჯდომარის კონსულტაციის შედეგად, ასევე კომისიაში შედიან სამოქალაქო საზოგადოების (აკადემიური წრეების) წარმომადგენლები.

საკონკურსო კომისია განიხილავს მეურვის კანდიდატურებს. მას შემდეგ, რაც კომისია კანდიდატურებს შეარჩევს, კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან ორს საქართველოს სახალხო დამცველი, სამს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია/ფრაქციები, სამს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციები და სამს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ასარჩევად წარუდგენს პარლამენტს.

რა იცვლება

პაპუაშვილის განცხადებით, თუ სამეურვეო საბჭოში ვაკანსია გამოცხადდება, რომელი სუბიექტის კვოტით არჩეულ წევრზეც გამოცხადდა ვაკანსია, ის სუბიექტი პირდაპირ შეარჩევს სასურველ ერთ კანდიდატურას და პარლამენტს განსახილველად წარუდგენს.

პაპუაშვილი ამბობს, რომ დღეს მოქმედი რეგულაციით, რომელიც 2014 წლიდან მოქმედებს, პარლამენტს ენიშნება მეურვე შესარჩევი კომისიის სახით და საკანონმდებლო ორგანო საკუთარ პროცედურებს გარე ჩარევების გარეშე ვერ ადგენს.

„2014 წლიდან არსებობს [მოქმედი] რეგულაცია. იგულისხმება, რომ კომისია უნდა ყოფილიყო არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით და ა.შ. ანუ რეალურად იკითხება, რომ იყო მცდელობა, შეეზღუდათ პარლამენტის სუვერენიტეტი, რომ თავად პარლამენტმა საკუთარი პროცედურები დაადგინოს გარე ჩარევების გარეშე.

მეურვე ამ შემთხვევაში კარგი სიტყვაა, გამოდის, რომ პარლამენტს ენიშნებოდა მეურვე კომისიის სახით, რომელსაც უნდა გაეწია პარლამენტისთვის მეურვეობა და პარლამენტი თავად საკუთარი ძალებით ვერ შეარჩევდა, ვერ გამოავლენდა და სხვამ უნდა შეაფასოს, თან შეაფასოს ის, რაც ოფიციალურად უმრავლესობის, ოპოზიციის, სახალხო დამცველის თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კვოტით არის, ოფიციალური კვოტაა, მაგალითად, არის ავტონომიური რესპუბლიკის ოფიციალური კვოტა და სხვა ურჩევს ამ კვოტას“, – განაცხადა პაპუაშვილმა ცვლილების მოტივაციაზე საუბრისას.

მისი თქმით, საზმაუს მეურვის არჩევის პროცედურა დაახლოვდება საპარლამენტო დემოკრატიის მთავარ პრინციპთან – საპარლამენტო სუვერენიტეტთან:

„ეს პროცედურაც დავაახლოოთ საპარლამენტო დემოკრატიის მთავარ პრინციპთან, საპარლამენტო სუვერენიტეტთან და პარლამენტმა ჩვენივე პროცედურებით ჩვენ თვითონ ვმართოთ. ამიტომ შემოთავაზება არის ასეთი: იყოს პროცედურა, რომ თუკი არის ვაკანსია, რომელიც სუბიექტის კვოტის ფარგლებშიც არის ეს ვაკანსია, იმ სუბიექტმა თავად, როგორც უნდა, ისე შეარჩიოს [კანდიდატურა]. შეუძლია, კონკურსი ჩაატაროს, რაც უნდა, ის ქნას, უმრავლესობა იქნება, ოპოზიცია, სახალხო დამცველი თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, მაგრამ პარლამენტთან ურთიერთობაში ამ სუბიექტმა წარმოუდგინოს პარლამენტს ერთი კანდიდატურა.

თქვას, რომ აგერ არის ვაკანსია, რომელზეც გათვალისწინებულია, რომ მე მაქვს უფლება კანდიდატის დასახელების და აგერ ვასახელებ ამ კანდიდატს და არა სხვების მიერ შერჩეული კანდიდატებიდან  სამს და კიდე შენ აირჩიე იმ სამიდან რომელი იყოს, როდესაც თავად ამ სუბიექტმა ალბათ იცის, იმ სამიდან რომელია მისთვის ყველაზე მისაღები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განმარტებით, წარდგენილ კანდიდატურას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი შეაფასებს და შემდეგ კანდიდატურა პლენარულ სხდომაზე კენჭსაყრელად წარდგება.

„მაგალითად, ახლა მიდის კონკურსი, სადაც თქვენ ერთი კვოტა გეკუთვნით კანდიდატის დასახელებისა. იმისთვის, რომ თქვენ პარლამენტს დაუსახელოთ კანდიდატი, ტარდება კონკურსი,  საკონკურსო კომისიამ უნდა შეგირჩიოთ ჯერ ბევრი კანდიდატი, იქიდან თქვენ სამი უნდა აარჩიოთ და წარუდგინოთ პარლამენტს და პარლამენტმა იმ სამიდან უნდა აარჩიოს ერთ-ერთი, რომელიც არ ვიცით, თქვენ ის გინდათ თუ სხვა გინდათ კიდევ, შეიძლება სამივე გინდათ, პრინციპში, მაგრამ შეიძლება ასე იყოს, შეიძლება ისე“, – განუმარტა პაპუაშვილმა „გახარია – საქართველოსთვის“ ფრაქციის წევრს, გიგა ფარულავას – „ჩემი წინადადება არის, რომ ეს დავაახლოვოთ რეალობასთან. თუკი არის კვოტა, მივცემთ ამ სუბიექტს შესაძლებლობას, მართლაც რეალური პროცედურა იყოს, რომ დაასახელოს პირდაპირ. თქვას, რომ ამ კანდიდატურას ვფიქრობ, რომ ჩვენი კვოტით დავასახელებთ. სრულად სუბიექტის ხელში ბრუნდება კანდიდატის დასახელება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტი რეგლამენტში შესატანი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას და მიმდინარე სასესიო კვირაში მიღებას გეგმავს.