ილია II-მ სიონის ტაძარის წინამძღვარს დაავალა, დაიწეროს წიგნი - „ოჯახის ცხოვრება“

პუბლიკა

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სიონის ტაძარის წინამძღვარს დავალება მისცა, დაიწეროს წიგნი – „ოჯახის ცხოვრება“. ილია II-ის შეფასებით, „ეს იქნება ეკლესიაში დაწერილი და მორწმუნე ხალხის მიერ შედგენილი უნიკალური წიგნი”. ილია მეორის ქადაგების ელექტრონულ ვერსიას „საპატრიარქოს უწყებანი” ავრცელებს.

„მაქვს ერთი წინადადება – ჩვენ გვაქვს ბევრი ინსტიტუტი, სასწავლებლები, მაგრამ ადამიანის უნივერსიტეტი არ გვაქვს. ადამიანი ურთულესი პიროვნებაა და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ აღვზარდოთ ჩვენი შვილები.

აი, ჩვენთან მოდიან ახალგაზრდებიც, მოხუცებიც; ხშირი შემთხვევაა, რომ დედ-მამას ჰყავს ერთი შვილი, დაოჯახების შემდეგ ის შვილი ტოვებს თავის მშობლებს და მიდის ცალკე. შეიძლება ის მშობლები მშივრები არ არიან, მაგრამ სიყვარული აქვთ თავიანთი შვილისა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს მცნება: „პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა“.

სიონის საპატრიარქო ტაძარს ვავალებ, მამა გიორგის – პროტოპრესვიტერის თაოსნობით, დაიწეროს წიგნი „ოჯახის ცხოვრება“, – როგორ მოუაროს მშობელმა შვილებს და შვილებმა – მშობლებს, როგორ იმკურნალონ, როგორ იშრომონ.

აი, ისეთი პერიოდი მოდის, როცა ვერ წარმოგიდგენია, რა იქნება ხვალ. ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს სახლიც, ნაკვეთიც, ჩვენი მოსავალი. ჩვენ შრომა უნდა ვიცოდეთ, უნდა დავამუშაოთ მიწა. მიწა მკურნალია ადამიანისა, მიწიდან ვართ ჩვენ და სიყვარული უნდა გვქონდეს მიწისა.

მამა გიორგის ეყოლება სხვა დამხმარე ადამიანებიც. თქვენ თითქმის ყველა უმაღლესი ცოდნით ბრძანდებით, თქვენ არ გაგიჭირდებათ ამ წიგნის დაწერა.

ეს იქნება ისტორიული წიგნი. სიონი არის დედაეკლესია, მაგრამ ეს უნდა იყოს გასაგები ენით დაწერილი, ამავე დროს – მეცნიერულად გამართული. უნდა დაიწეროს გეგმა, რას შეეხება მედიცინა, თავის მოვლა, ჰიგიენა, სისუფთავე, წესრიგი ოჯახში…

…ასე რომ, აი, დღევანდელი დღე ისტორიულია. თქვენ ყველას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ დავწეროთ, მეც – მათ შორის. მე ვიქნები თქვენი მრჩეველი, ბევრი რამე ვიცით ცხოვრებისეული.

ამის შესახებ დაწერილია ბევრი წიგნი. მერე დავდებთ ამას ინტერნეტში, მოვისმენთ. ძალიან საინტერესო იქნება. ერთ კვირაში ველოდები გეგმას. მამა გიორგი, ერთ კვირაში მოიწვიეთ, გაანაწილეთ, ვის რა თემა შეხვდება, სარჩევი გააკეთეთ.

ეს იქნება ეკლესიაში დაწერილი და მორწმუნე ხალხის მიერ შედგენილი უნიკალური წიგნი”, – განაცხადა ილია II-მ.