სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედი“ ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არ აქვს“ და „კიდევ უფრო ენერგიულად“ გააგრძელებენ „საქართველოს სამსახურში და საქართველოში სიტყვის თავისუფლების სამსახურში ყოფნას”.
„როგორც ცნობილი გახდა, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ტელეკომპანია „იმედისთვის“ სანქციების დაწესების შესახებ. 22 წელიწადზე მეტია ტელეკომპანია „იმედი“ ემსახურება საქართველოს და სიტყვის თავისუფლებას ჩვენ ქვეყანაში.
ტელეკომპანია „იმედს“ უკან არ დაუხევია მაშინაც კი, როდესაც საქართველოს დანაშაულებრივი რეჟიმი მართავდა და ამხელდა მის ყველა მანკიერებას, რაც ტელეკომპანიაში შემოჭრით და მისი მიტაცებით დასრულდა.
ყველას გვინდა შევახსენოთ, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მიტაცებაზე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას მაშინ ზოგადი შეშფოთებაც კი არ გამოუთქვამს. მეტიც, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება 2007 წლის შემდეგაც გამოხატავდა მხარდაჭერას დანაშაულებრივი რეჟიმის მიმართ, რომელიც საქართველოში ფეხქვეშ თელავდა დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და სიტყვის თავისუფლებას. ამ ფონზე, ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არა აქვს.
ტელეკომპანია „იმედისთვის“ ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა. სწორედ ამ ნდობის წყალობით, უკვე მრავალი წელია, ჩვენ მყარად ვინარჩუნებთ ყველაზე მაღალრეიტინგული ტელევიზიის სტატუსს საქართველოში. შესაბამისად, მომავალშიც ვიმოქმედებთ მაღალი პასუხისმგებლობით ქართული საზოგადოების წინაშე და ტელეკომპანია „იმედი“ კიდევ უფრო ენერგიულად განაგრძობს საქართველოს სამსახურში და საქართველოში სიტყვის თავისუფლების სამსახურში ყოფნას, რათა ქართული საზოგადოების მიერ გამოცხადებული ნდობა სრულად გავამართლოთ“, – წერს „იმედი“.
დიდმა ბრიტანეთმა პროპაგანდისტულ „იმედს“ და POSTV-ის სანქციები დაუწესა.
დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ ორივე ტელევიზია ჩართულია რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში. ამ კატეგორიაში ბრიტანეთმა ამ პაკეტით მხოლოდ Imedi და POSTV დაასანქცირა.
ორივე მათგანის შესახებ წერია:
„ის თავის აუდიტორიას, რომელიც უმეტესად საქართველოშია, აწვდის და აწვდიდა განზრახ მცდარ ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, რაც წარმოადგენს იმ პოლიტიკის ან ქმედების მხარდაჭერას ან ხელშეწყობას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას, ან ძირს უთხრის და საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
კერძოდ, იგი რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და რომ უკრაინა და დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობენ“, – აცხადებს დიდი ბრიტანეთი.
სანქციების თანახმად, ორივე პროპაგანდისტულ ტელევიზიას შეეხება:
- აქტივების გაყინვა;
- სატრასტო (ნდობით აღჭურვილი) მომსახურების აკრძალვა;
- დირექტორის პოზიციის დაკავების აკრძალვა:
აქტივების გაყინვა ნიშნავს, რომ იბლოკება პირის ყველა საბანკო ანგარიში, ქონება და ფინანსური რესურსი და მას მათზე წვდომა აღარ აქვს.
სატრასტო მომსახურებასთან დაკავშირებული სანქციები კრძალავს სანქცირებული პირისთვის სატრასტო მომსახურების გაწევას, მაგალითად, ქონების მართვას სხვისი სახელით. ეს შეზღუდვა მიზნად ისახავს სანქციების გვერდის ავლის გზების ჩაკეტვას. შედეგად, სანქცირებული პირი ვერ გამოიყენებს იურიდიულ სტრუქტურებს (სატრასტო ფონდებს), რათა მესამე პირების მეშვეობით დამალოს თავისი რეალური აქტივები ან მართოს ქონება ისე, რომ მისი სახელი პირდაპირ არ ფიგურირებდეს.
დირექტორის პოზიციის დაკავების აკრძალვა: ეს სანქცია უკრძალავს პირს, იყოს ნებისმიერი კომპანიის დირექტორი ან მონაწილეობდეს კომპანიის მართვაში დიდი ბრიტანეთის იურისდიქციის ფარგლებში. თუ პირი უკვე არის რომელიმე კომპანიის დირექტორი, ის იძულებულია დატოვოს პოსტი.
სანქციები ტელეკომპანიების შემთხვევაში იმუშავებს ასე:
- ბრიტანულ კომპანიებს (მაგალითად, სარეკლამო სააგენტოებს ან ტექნიკური აღჭურვილობის მომწოდებლებს) აეკრძალებათ არხებთან თანამშრომლობა.
- არხების ხელმძღვანელ პირებს, რომლებიც მოხვდებიან სიაში, შეეზღუდებათ საერთაშორისო ბიზნესსაქმიანობა. თუმცა, ამ ეტაპზე სანქციების სიაში კონკრეტული ადამიანიები დასახელებული არ არიან.
- ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელიც გაივლის ბრიტანულ საბანკო სისტემაში, შესაძლოა დაყადაღდეს.