იმედი მაქვს, მომდევნო ვიზიტისას ოლსონი მოახერხებს და კალაძეს შეხვდება - დეგნანი

პუბლიკა

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი კახა კალაძის მიერ ერიკა ოლსონის შესახებ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა. კელი დეგნანის თქმით, კალაძემ განმარტა თავისი სიტყვები, თუმცა დასძენს, რომ ერიკა ოლსონი საქართველოში იმყოფებოდა და პრემიერ-მინისტრსაც შეხვდა. დეგნანმა იმედი გამოთქვა, რომ შემდეგ ვიზიტზე ერიკა ოლსონს ექნება შესაძლებლობა, კახა კალაძესაც შეხვდეს.

„ვიცი, რომ მერმა კალაძემ განმარტა თავისი სიტყვები, მაგრამ მე დავამატებ: სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე იმყოფებოდა საქართველოში, მას ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედროდა პრემიერ-მინისტრს, პოლიტიკურ პარტიებს.

თუმცა, სამწუხაროდ, ვერ შეხვდა ქალაქის მერს. იმედი მაქვს, მომდევნო ვიზიტისას ის მოახერხებს და შეძლებენ შეხვედრას. განიხილავენ სხვადასხვა საკითხს და შეძლებენ თანამშრომლობას“, – განაცხადა დეგნანმა.


გუშინ დედაქალაქის მერმა და მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ერიკა ოლსონის განცხადებებზე საუბრისას თქვა – „ვინ არის, ვისზეც საუბრობთ? რა თანამდებობა აქვს?.. თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა?! თანაშემწე და იმის მოადგილე კიდევ?”.

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი გამოეხმაურა კალაძის სიტყვებს „საგარეო პოლიტიკა შეურაცხყოფით. ვფიქრობ, კისინჯერიც კი ვერ წარმოიდგენდა ამას”, – დაწერა იან კელიმ ტვიტერზე.

დღეს კი კალაძემ თქვა, რომ მას ოლსონისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, და თავისი პრობლემა იყო, რომ მან ოლსონის თანამდებობა არ იცოდა.