„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ ვერ მიიღეს ისეთი საერთაშორისო მხარდაჭერა, როგორსაც მოელოდნენ, თუმცა ახლა ის ამის შანსს ხედავს და ამ მიმართულებით აქტიურობს.
„მე, რომ არა ჩვენი პარტნიორების აქტიურობა, დღესაც ციხეში ვიჯდებოდი. არანაირი ძალისხმევაც კი არ გაგვიღია 24 თებერვალს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ერთხმად ყოფილიყო ხმალამოღებული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ – 23 თებერვალს ხომ დამაკავეს. ძალიან მარტივად მოხდა. სამწუხაროდ, ახლა ამას ვერ ვხედავთ ჩვენ და ამ მიმართულებით ვმუშაობთ. მაშინ ერთი წერილიც კი არ მიგვიწერია საერთაშორისო საზოგადოებისთვის და მოყვა ის რეაქცია, რაც მოყვა. დღესაც ციხეში ვიჯდებოდი, 100 ათასი ადამიანის მიერ ორგანიზებული აქციებიც რომ გამართულიყო, რომ არა ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა. პროცესი სხვაგვარად წავიდა, ვერ მივიღეთ ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელსაც ველოდებოდით იმ დღეებში, იმ თვეებში, მაგრამ ახლა ვხედავ უდიდეს შანსს ამ მიმართულებით გარღვევისა, რასაც ვერ ვხედავდი რამდენიმე თვის წინ. ერთადერთხელ, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება გააქტიურდა, იყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იყო შეუძლოდ და გორის ჰოსპიტალში მისი გადაყვანის აუცილებლობა ხდებოდა“, – განაცხადა მელიამ.
მელია აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის გარეშე პროტესტი მოკლე ვადაში შედეგს ვერ გამოიღებს.
„ამ წუთის მდგომარეობით, ყველაზე ეფექტურ, პოტენციურად მიხეილ სააკაშვილისთვის, ამ პარტიისთვის სასარგებლო ველზე, საიდანაც უფრო მეტ შედეგს გამოვიტანთ, ვაქტიურობ, პირადად – ეს არის ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა. დიახ, არსებობს რამდენიმე გამოსავალი, სადაც პოლიტიკური რამდენიმესვლიანი კომბინაციის გათამაშებით, შესაძლებელი გახდება მიხეილ სააკშვილის ტყვეობიდან დახსნა და სამკურნალოდ გადაყვანა, ქვეყნის გარეთ გაყვანა. ამით ვიღვიძებთ და ვიძინებთ, ხალხო“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ენმ-ის თავმჯდომარის ხედვით, სააკაშვილის ციხიდან გამოსაყვანად არსებობს რამდენიმე გზა: ხალხმრავალი გრძელვადიანი აქციები, საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მხარდაჭერა და პრეზიდენტის შეწყალება, რომლის იმედიც ოპოზიციურ პარტიას არ აქვს.
მელიას განცხადებით, საპროტესტო აქციები სწრაფ ეფექტს ვერ შექმნის.
„მოლოდინი იმისა, რომ სწრაფი ეფექტი დადგება, ჩვენ თვითონვე გვაზიანებს. ჩვენ თვითონვე გვაზიანებს, რომ შევიკრიბებით და შეკრებისთანავე მიხეილ სააკაშვილი იქნება გათავისუფლებული. ამას სჭირდება შესაბამისი ორგანიზებულობა და შესაბამისი განწყობა და მზაობა , რომ პროტესტი იყოს ხანგრძლივი.
…ვიქნებით 5-6 ათასი? გამოვთქვამთ პროტესტს? მერე კვლავ გამოვალთ.. ვიქნებით 100-150 ათასი და მეტი, გადაწყვეტილებებიც შესაბამისი იქნება მიღებული. მაგრამ იმისი თქმა, რომ აი, ახლა, ერთ კვირაში ჩვენ შევიკრიბებით და მყისიერად ეს პრობლემა გადაწყდება – ამას მე არ ვაპირებ. ამას სჭირდება მუხლჩაუხრელი შრომა და რკინის ნერვები და ფსიქოლოგიური ომი იწარმოება უპირველეს ყოვლისა ჩვენს ქვეყანაში.
არ შეიძლება ის დაქსაქსულობა, რომელიც ძალიან მაწუხებს.. ძალიან მაწუხებს ის ურთიერთგაუგებრობა, რომელიც, ერთის მხრივ, არის ობიექტური, მეორეს მხრივ კი, ვერავინ გადამარწმუნებს, რომ არ არის ხელოვნურად აბუყბუყებული ხელისუფლების მხრიდან“, – ამბობს მელია.
მელიას განცხადებით, პარლამენტის ბოიკოტი და საპროტესტო აქციები მხოლოდ სტრატეგიის ნაწილი შეიძლება გახდეს და არა ბძოლის სტრატეგია.
„თავისთავად პარლამენტიდან გამოსვლა ვერ იქნება სტრატეგია, შეიძლება სტრატეგიის ნაწილი იყოს, როგორც თავისუფლების მოედანზე შეკრება ვერ იქნება სტრატეგია, ან კარვის დადგმა. ეს ყველაფერი სტრატეგიის ნაწილი და პუნქტები უნდა იყოს. რომ გამოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტიდან, მაგრამ სხვა ოპოზიციური პარტიები იქ დარჩნენ, დაერქმევა ამ პარლამენტს ერთპარტიული პარლამენტი? მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ზურა ჯაფარიძეს, იმაზე მეტს ვიდრე ჰგონია, რომ ვცემ, მაგრამ მე როდესაც ციხეში ვიჯექი, ჩემთვის მიუღებელი იყო 49%-იანი ბარიერი და პარლამენტში შესვლაც, თანაც პლუს მთავაზობდნენ, რომ ამნისტიის მიღება მომხდარიყო იმ მახინჯი ფორმით, როგორც უნდოდათ და ხელი მომეწერა ჩემთვის მიუღებელ, ღირსებაშემლახავი დოკუმენტისთვის, მაგრამ მიიღო ზურა ჯაფარიძემ გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც მე ციხეში ვიჯექი, რომ პარლამენტში შესულიყვნენ, მაგრამ ამას ჩემი დამოკიდებულება ზურა ჯაფარიძისადმი არ შეუცვლია. ახლა როდესაც ზურა ჯაფარიძეს ვუსმენ და ამბობს, რომ პარლამენტიდან უნდა გამოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა“, უბრალოდ, არ არის სამართლიანი. კი ბატონო, ვითვალისწინებთ, დღის წესრიგში დგას ეს საკითხი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ერთობით“, – განაცხადა მან.