ინსპექციამ უნდა შეისწავლოს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში გარდაცვალების ფაქტი - „ღირსეული შრომის პლატფორმა“

პუბლიკა

შრომის უსაფრთხოების მონიტორის მონაცემების თანახმად, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა (შპს „რუსთავის ფოლადი“) შრომის უსაფრთხოების მიმართულებით დარღვევებითა და დასაქმებულთა დაზიანებების მაჩვენებლებით გამოირჩევა. – ამის შესახებ განცხადებას „ღირსეული შრომის პლატფორმა“ ავრცელებს.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევების გამო, მეტალურგიული ქარხნის მიმართ შრომის ინსპექციამ არაერთი მითითება გასცა, რაც საწარმოში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებით პრობლემებზე მიუთითებს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ, 6 ოქტომბერს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქების შედეგად მამაკაცი დაიღუპა.

მათი თქმით, აუცილებელია შრომის ინსპექციამ ზოგადი უსაფრთხოების სტანდარტებთან ერთად, დაუყოვნებლივ დეტალურად შეისწავლოს საწარმოში მომხდარი ინციდენტი, რომელმაც დასაქმებულის გარდაცვალება გამოიწვია და თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში შეაჩეროს საწარმოო პროცესი, უსაფრთხოების სტანდარტების უზრუნველყოფამდე.

„რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში შრომის ინსპექციის მიერ გამოვლენილ დარღვევებთან დაკაშირებით დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ, პლატფორმის შრომის უსაფრთხოების მონიტორის გამოყენებით“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, მონიტორი ეფუძნება შრომის ინსპექციიდან მიღებულ საჯარო ინფორმაციას და შესაძლოა არ ასახავდეს უახლეს ან/და სრულ მონაცემებს.