იორდანესთან კულტურის ცენტრის მშენებლობისთვის სამთავრობო კომისია იქმნება - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„როგორც იცით, საქართველოს გადაეცა 4 000 კვ.მ მიწა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ამ წმინდა მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის აშენებას ვგეგმავთ. სწორედ ამ მიზნით ჩვენ შევქმნით სამთავრობო კომისიას და დავიწყებთ მუშაობას კონცეფციაზე, პროექტზე და შემდეგ უკვე მშენებლობაზე გადავალთ“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა პროცესში საქართველოს პატრიარქის როლს და ასევე, მადლობა გადაუხადა იორდანიის მეფეს, პრინცს, იერუსალიმის პატრიარქსა და არქიეპისკოპოსს.

„მინდა ასევე კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ამ პროცესში მისი უწმინდესობის უდიდეს როლს. მასთან ერთად კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას იორდანიის მეფე აბდულა მეორეს, პრინც ღაზის, იერუსალიმის პატრიარქ თეოფილუსს, იორდანიის არქიეპისკოპოსს და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, განსაკუთრებით ჩვენს ელჩს იორდანიაში ზაზა კანდელაკს და საგარეო საქმეთა სამინისტროს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის განცხადებით, კომისიაში ჩართვა საპატრიარქოს წარმომადგენლებს სთხოვეს.

„ამ მიზნით ჩვენ, როგორც მოგახსენეთ, შევქმნით დღეს უკვე კომისიას. კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ასევე ვთხოვეთ საპატრიარქოს წარმომადგენლებს – კერძოდ, მეუფე შიოს, მეუფე გერასიმეს, მეუფე დავითს, მეუფე თეოდოროს და დეკანოზ ანდრეა ჯაღმაიძეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

LB loan image desktop LB loan image mobile