ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართა

პუბლიკა

მთავრობის კანცელარიის შენობის წინ ოკუპირებულ აფხაზეთში დროშის დაწვისთვის დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის ირაკლი ბებუას ოჯახმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც ბებუას ოჯახის წევრები აცხადებენ, ირაკლის ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მას სათანადო ყურადღება ვერ ექცევა.

ირაკლი ბებუას დედამ, ლალი ფიფიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას და ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ.

„ერთადერთი მოთხოვნაა ჩემი შვილის, ირაკლის გათავისუფლება. ირაკლი ღარიბაშვილთან განცხადება შევიტანეთ და გვაინტერესებს, რას მოქმედებენ. ბავშვს უამრავი პრობლემები აქვს, ცე ჰეპატიტი, თავის და წელის ტკივილი. გვსურს, რეაგირება მოახდინონ და შევხვდეთ ირაკლი ღარიბაშვილს. ორი თვეა განცხადება შეტანილი გვაქვს, მაგრამ არანაირი პასუხი არ არის. გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რომ ჩემი შვილი გათავისუფლდეს“, – განაცხადა ლალი ფიფიამ.


ირაკლი ბებუა გალის რაიონში, 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს აფხაზური დროშის დაწვის ფაქტზე. ფაქტის ამსახველ ვიდეოში ბებუა ამბობს, რომ დროშა შეგნებულად დაწვა, რადგან არ მოსწონს 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღის აფხაზეთში ზეიმით აღნიშვნა და „სურს ქართველებისა და აფხაზების ძმურად ყოფნა“.

ირაკლი ბებუა დროშის დაწვიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. იმავე დღეს, მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს დე ფაქტო მილიციამ ამოიღო ხელყუმბარა, რომელსაც, მათი მტკიცებით, ბებუა საკუთარი ბალიშის ქვეშ ინახავდა. ბებუას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა შეეფარდა.