აუტიზმის მქონე სრულწლოვან პირთა მშობლები კომიტეტებს მიმართავენ

პუბლიკა

აუტიზმის მქონე პირთა მშობლები და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, კომიტეტებს თხოვნით მიმართავენ, 18 წლის შესრულების შემდეგ აუტიზმის მქონე ადამიანების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ადგილი აღარ ჰქონდეს სერვისების წყვეტას.

მშობლები მოითხოვენ, დაინიშნოს თემატური მოკვლევა 18 წლის და უფროსი ასაკის აუტიზმის მქონე პირების საჭიროებებების შესახებ, რათა იდენტიფიცირდეს გამოწვევები და შემუშავდეს შესაბამისი რეკომენდაციები დროული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მიზნით.

განცხადებას ხელს 230 მშობელი აწერს. მათი თქმით, გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის 26-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფოები ორგანიზებას უკეთებენ და აძლიერებენ სარეაბილიტაციო და სააბილიტაციო სამსახურებსა და პროგრამებს ისე, რომ პროგრამები განხორციელებული იქნეს მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე და ეფუძნებოდეს ინდივიდის საჭიროებებეს და ხელს უწყობდნენ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ჩართულობას და ინტეგრირებას.

აუტიზმის მქონე ადამიანების მშობლების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ასევე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტებს.

„ძვირფასო კომიტეტების წევრებო,

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და უზრუნველყოფა აქტიურად დაიწყო 2013 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველომ მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება. ამ პროცესმა ხელი შეუწყო ქვეყანაში საჭირო სერვისების შექმნას და განვითარებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების უფლების უზრუნველყოფას და ა.შ. საქართველოში 2015 წლიდან დაიწყო აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის საჭირო თერაპიების დაფინანსების პროცესი. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იყო პირველი, რომელმაც შექმნა “აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ ქვეპროგრამა.

თბილისის შემდეგ მსგავსი პროგრამები დაინერგა და დღემდე არსებობს ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ბათუმი, ქობულეთი, ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი და რუსთავი. აღნიშნული პროგრამების შექმნა საჭირო გახდა იქედან გამომდინარე, რომ აუტიზმის მქონე ადამიანებს ესაჭიროებათ განსხვავებული თერაპიები დიაგნოზის სპეციფიკიდან გამომდინარე. გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მთავარი მოთხოვნაც ხომ სწორედ ეს გახლავთ – მონაწილე სახელმწიფოებმა პროგრამების შექმნისას გაითვალისწინონ თითოეული ადამიანის მდგომარეობის სპეციფიკა და ინდივიდუალური საჭიროებები.

კონვენციის 26-ე მუხლი, რომელიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აბილიტაცია/რეაბილიტაციას, გვეუბნება, რომ მონაწილე სახელმწიფოები ორგანიზებას უკეთებენ, აძლიერებენ და განავრცობენ ყოვლისმომცველი სარეაბილიტაციო და სააბილიტაციო სამსახურებსა და პროგრამებს, კერძოდ ჯანდაცვის, დასაქმების, განათლებისა და სოციალური მომსახურების სფეროში იმგვარად, რომ აღნიშნული სამსახურები და პროგრამები განხორციელებული იქნეს მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე და ეფუძნებოდეს ინდივიდის საჭიროებისა და ძლიერი მხარეების მულტიდისციპლინურ შეფასებას, ხელს უწყობდნენ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ჩართულობას და ინტეგრირებას.

სამწუხაროდ, საქართველოში აუტიზმის მქონე ადამიანებს ეს უფლება უწყდებათ 18 წლის შესრულების თანავე. უფრო მეტად სავალალოა აუტიზმის მქონე იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებსაც, შესაბამისი სერვისების არ არსებობის გამო არ ჰქონდათ შესაძლებლობა მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე ჩართულიყვნენ აბილიტაცია/რეაბილიტაციის სერვისებში. მათ უმრავლესობას ეს შესაძლებლობა მიეცათ 12-13 წლის ასაკიდან, და სწორედ მაშინ, როდესაც თერაპიამ კარგად იმუშავა მათი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით, 18 წლის შესრულების შემდეგ, ისინი ისევ სერვისების მიღმა აღმოჩნდნენ.

აუტიზმის მქონე ადამიანებს თერაპია 18 წლის შესრულების შემდეგაც ისევე ესაჭიროებათ, როგორც 18 წლამდე.

როგორც მშობლები, ასევე სერვისის მიმწოდებლები ერთხმად ვთანხმდებით და ვიზიარებთ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციის მოთხოვნას, რაც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე მათთვის სერვისების უწყვეტად მიწოდებას ყოველგვარი დისკრიმინაციის (მათ შორის ასაკის ნიშნით) გარეშე.

დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით კი, კონვენციის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, რომ მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა, მათ შორის საკანონმდებლო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ყველა დისკრიმინაციული კანონის, დადგენილების, წესის, ტრადიციის შესაცვლელად ან გასაუქმებლად. ასევე, ყველა პოლიტიკასა და პროგრამაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და ხელშეწყობა.

იმისათვის, რომ 18 წლის შესრულების შემდეგ აუტიზმის მქონე ადამიანების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ადგილი აღარ ჰქონდეს სერვისების წყვეტას, კომიტეტების წევრებს მოგმართავთ თხოვნით, დაინიშნოს თემატური მოკვლევა 18 წლის და უფროსი ასაკის აუტიზმის მქონე პირების საჭიროებებების შესახებ, რათა იდენტიფიცირდეს არსებული გამოწვევები და შემუშავდეს შესაბამისი რეკომენდაციები დროული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მიზნით. შემუშავებული რეკომენდაციები კი მშობლებს შესაძლებლობას მოგვცემს ეფექტურად წარვმართოთ ადვოკატირების პროცესი, რომელიც მათთვის სერვისების შექმნას შეეხება.

დეტალური ინფორმაციის მოწოდების მიზნით, აუტიზმის მქონე მოზარდთა მშობლები მოხარული ვიქნებით, თუ ზემოთ აღნიშნული კომიტეტების წევრები გამოთქვამთ ჩვენთან შეხვედრის სურვილს. შეხვედრაზე წარმოდგენილი პრეზენტაციის მეშვეობით გაგიზიარებთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას”, – ნათქვამია განცხადებაში.