იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი „ქართული ოცნების“ ამნისტიის პროექტს დაუჭირა

პუბლიკა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით უმრავლესობის ამნისტიის პროექტს მხარი დაუჭირა, ოპოზიციის მიერ ინიცირებულმა პროექტმა კი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

„ოცნების“ მომზადებული ამნისტიის კანონპროექტი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან ყველა იმ პირის გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაული ჩაიდინა და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

გამონაკლისია მხოლოდ სისხლის სამართლის მუხლები, რომლებიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და წამებას, მუქარას ან დამამცირებელ მოპყრობას ითვალისწინებს.

ოპოზიციის შემუშავებული ამნისტიის კანონპროექტი კი, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, შალვა შავგულიძემ წარუდგინა, მოიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1 და მე-2 ნაწილს:

1. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა;

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში მონაწილეობა.

ასევე მასში შედის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი — სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით — გარდა იმ პირისა, რომელსაც აღნიშნული ქმედება ჩადენილი აქვს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის დროს.

ამასთან, ამ მუხლზე ამნისტია უნდა გავრცელდეს დაზარალებულის ნოტარიალურად დამოწმებული წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.

დღეს „ოცნების“ დარეგისტრირებულმა კანონპროექტმა მხარდაჭერა მოიპოვა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზეც, რომელმაც ასევე მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის კანონპროექტს.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე „ლელომ“ დააყენა ინიციატივა, რომ პროექტების განხილვა გადაიდოს, სანამ არ იქნება დამოუკიდებელი დასკვნა, რამდენადაა შესაბამისობაში ეს კანონპროექტები ადამიანის უფლებებთან, ასევე, ანა ნაცვლიშვილის თქმით, პროექტების მხარდაჭერამდე უნდა მოუსმინონ სახალხო დამცველს და პროკურორსაც.

დღევანდელ განხილვაზე გიორგი გახარიას გუნდის წევრმა ანა ბუჩუკურმა დააყენა კიდევ ერთი ინიციატივა, რომ ამნისტია არ შეეხოს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს და ყოველგვარი წინაპირობების გარეშე გავრცელდეს რიგით პოლიციელებზე.