ირაკლი კუპრაძე: ბიძინა ივანიშვილის პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება

პუბლიკა

„ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ანაკლიის პორტის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებას ეხმაურება – ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გ,ანაცხადა, რომ „პორტს სახელმწიფო „ლენდლორდის“ მოდელით ააშენებს – საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის ძირითად მესაკუთრედ დარჩება და საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას“.

ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ხელისუფლება წლების განმავლობაში ანაკლიის პორტის განვითარების სხვადასხვა მოდელს წარადგენდა, თუმცა პროექტი დღემდე არ განხორციელებულა.

„2016 წელს ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ საუკეთესო გამოსავალი იყო ე.წ BOT მოდელი და სწორედ ამ მოდელით გაფორმდა ხელშეკრულება, რომელშიც დასავლელი ინვესტორები აშენებდნენ ანაკლიის პორტს, მაგრამ საბოლოოდ ანაკლიის პორტის 100%-ის მფლობელი აღმოჩნდებოდა საქართველოს სახელმწიფო.

შემდეგ თავადვე ჩამოართვეს ქონება, ინვესტიცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და თავადვე ჩააგდეს ეს პროექტი. მაშინ, როცა პირველი გემი ანაკლიის პორტს უნდა მიეღო 2020 წელს, 2026 წელს ახალ მოდელზე საუბრობდნენ.

2022 წელს ახალი მოდელი შემოიტანეს, ე.წ PPP მოდელი, რომლის მიხედვითაც, ქართული სახელმწიფო იქნებოდა ანაკლიის პორტის 51%-ის მფლობელი და 49% ექნებოდა კომუნისტური ჩინეთი, დღეს კი ეკონომიკის მინისტრი გვეუბნება, რომ თურმე გამოსავალი, კიდევ ერთი-Landlord-ის მოდელია“.

კუპრაძე ამბობს, რომ „პრობლემა არც ერთ მოდელში არ არის“.

„სამივე მოდელის პირობებში შესაძლებელია საერთაშორისო პორტის ოპერირება. პრობლემა არის ხელისუფლებაში, პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილში, რომელსაც არ უნდა და არ არის დაინტერესებული ანაკლიის პორტის აშენებით,“ – ამბობს კუპრაძე.

მისივე განცხადებით, ანაკლიის პორტი არ აშენდება ბიძინა ივანიშვილის პირობებში.

„ანაკლია არის ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტი, რომლის მეშვეობითაც საქართველოს აქვს შესაძლებლობა, დაიბრუნოს ისტორიული გეიპოლიტიკური ღირებულება და მნიშვნელობა, რასაც, მარტივად, სჭირდება ეროვნული და კარგი ხელისუფალი, რაც ვერ იქნება ივანიშვილი. ივანიშვილის პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება. ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლის პირობებში ანაკლიის პორტის აშენება ძალიან მალე იქნება შესაძლებელი.

აუცილებელია, ანაკლია საქართველომ გამოიყენოს ტრამპის გზის გაგრძელებად და შავი ზღვა გახდეს ამიერკავკასიის კარიბჭე“, – თქვა ირაკლი კუპრაძემ.