ბაღებისა და სკოლების რეაბილიტაციის ფულის მითვისების ბრალდებით დაკავებულებს 10-10 წელი მიუსაჯეს 

პუბლიკა

ბაღებისა და სკოლების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 365 000 ლარის მითვისების საქმეზე „ლაგი კაპიტალის“ მფლობელებს 10-10 წლით პატიმრობა მიესაჯათ.

კერძოდ, კომპანია „ლაგი კაპიტალის“ მფლობელებს ბრალი ედებოდათ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების საქმეზე.

დაკავებულები იყო 2 პირი – ალექსანდრე ბერძენიშვილი და ბესიკ ბერძენიშვილი.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

უწყების ცნობით, გამოძიებითა და სასამართლო განხილვით დადგინდა, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ჩოხატაურის, ოზურგეთის, მცხეთის, ნინოწმინდის, დედოფლისწყაროს, გორისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვების მიზნით, ბრალდებულებმა სხვა დოკუმენტაციასთან ერთად კომპანიის სამუშაო გამოცდილების შესახებ ყალბი აუდიტორული დასკვნა დაამზადეს და წარადგინეს.

პროკურატურის ცნობით, ტენდერებში გამარჯვების შემდეგ ბრალდებულებმა მუნიციპალური განვითარების ფონდისგან საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად საავანსო თანხები მოითხოვეს და მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს შემთხვევაში მშენებლობის პროექტებიც კი ჯერ არ ჰქონდათ დამტკიცებული. უწყების ინფორმაციით, ამ გზით მათ ფონდისგან თაღლითურად 9 365 000 ლარი მიიღეს, თუმცა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები არ შეასრულეს.

ბრალდების ვერსიით, დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხების კანონიერად წარმოჩენის მიზნით, ბრალდებულებმა 1 211 000 ლარი მათივე საკუთრებაში არსებული სხვა კომპანიის საბანკო ანგარიშზე გადარიცხეს, თითქოს გასაწევი მომსახურების ავანსის სახით. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული თანხა შემდგომ სხვადასხვა დანიშნულებით, მათ შორის სესხების დასაფარად გამოიყენეს, რითაც უკანონოდ მიღებული თანხების ლეგალიზაცია მოახდინეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 194-ე და 362-ე მუხლებით დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ თითოეულს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


საჯარო რეესტრის თანახმად, 2023 წლის სექტემბრამდე შპს ლაგის 50%-იანი წილის მფლობელები  „ქართული ოცნების” წევრის, ირაკლი ზარქუას ჯერ და, შემდეგ კი სიძე იყვნენ.

კერძოდ:

შპს „ლაგი კაპიტალი” 2015 წელს დაარსდა. მაშინ „ქართული ოცნების” წევრის, ირაკლი ზარქუას და, ნინო ზარქუა კომპანიის 50%-იან წილს ფლობდა. 25%-25%-იან წილებს ფლობდნენ ლაშა გრიგალავა და გიორგი ლომიტაშვილი.

2022 წლის 13 ოქტომბრის ამონაწერის თანახმად, ნინო ზარქუას ნაცვლად 50%-იანი წილის მფლობელი ხდება მისი ქმარი, ალექსანდრე ამისულაშვილი.

რამდენიმე დღეში, 2022 წლის 17 ოქტომბერს კი ამისულაშვილის ნაცვლად 50%-იანი წილის მფლობელად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ჯე5-ია მითითებული. შპს ჯე5-ის 100%-იან წილს ალექსანდრე ამისულაშვილი ფლობს.

2023 წლის სექტემბერში შპს „ლაგის“ 100%-იანი წილის მფლობელი ხდება ია რამიშვილი. რამიშვილივეა გაფორმებული კომპანიის დირექტორად. დღეს დაკავებული ბესიკ ბერძენიშვილი კომპანიის დირექტორის პოსტზე 2025 წლის მარტში დანიშნეს.

„ნოდარ მელაძის შაბათის” მიერ 2024 წლის სექტემბერში მომზადებული მასალის თანახმად, ია რამიშვილს ალეკო ამისულაშვილმა და წილების სხვა მფლობელებმა კომპანია, რომელსაც სახელმწიფო ტენდერები ჰქონდა მოგებული, უსასყიდლოდ გადასცეს.