ჯანმოს განცხადებით, ვირუსის ინდური ვარიანტი გლობალური მნიშვნელობის საფრთხეა

პუბლიკა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ორშაბათს განაცხადა, რომ კორონავირუსის ვარიანტი, რომელიც ინდოეთში ვრცელდება გლობალური საფრთხეა.

„ჩვენი შეფასებით, ეს ვარიანტი შემაშფოთებელია გლობალურ დონეზე“, – განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა და დასძინა – „პირველადი კვლევებით არსებობს გარკვეული ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს გაზრდილ გადამდებობაზე“.

ინდოეთში კორონავირუსის დღიური გავრცელების სტატისტიკა კვლავ მაღალია, თუმცა შეინიშნება მცირედი კლება. როგორც ორშაბათს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ბოლო 24 საათში ინფიცირების 366 161 და გარდაცვალების 3 754 შემთხვევა აღირიცხა.

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ინდოეთში სოკოვანი ინფექციაც ვრცელდება, რომელიც გავლენას ახდენს კორონავირუსით ინფიცირებულ თუ მისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებზე. „შავი ფუნგუსის“ სახელით ცნობილმა ინფექციამ შეიძლება ადამიანის სახის სტრუქტურაზე მოახდინოს გავლენა და ზოგიერთ შემთხვევაში დაბრმავებაც გამოიწვიოს. სამედიცინო ექსპერტების თქმით, დიაბეტით დაავადებული ადამიანები განსაკუთრებით დაუცველნი არიან ამ ინფექციის წინაშე.

ინდოეთის მთავრობამ ექიმებს მოუწოდა, პაციენტებში „შავი ფუნგუსის“ ნიშნებსაც დააკვირდნენ.