ჯანმოს რეგიონულმა ოფისმა საწარმოო დარღვევების გამო რუსული ვაქცინის დამტკიცება შეაჩერა

პუბლიკა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რუსული წარმოების ვაქცინა Sputnik V-ის ავტორიზაციის პროცესი შეაჩერა. ჯანმოს სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონული ოფისის წარმომადგენლის თქმით, ერთ-ერთ საწარმოში ვაქცინის წარმოების პროცესი აუცილებელ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა.

„საწარმომ ყოველივე ეს უნდა გაითვალისწინოს, აუცილებელი ცვლილებები გაატაროს და მოემზადოს ახალი ინსპექტირებისთვის. ჯანმო ელოდება მწარმოებელს, რომ გვაცნობონ გამოსწორებული მდგომარეობის შესახებ“, – განაცხადა ჯანმოს პანამერიკული დანაყოფის ხელმძღვანელის მოადგილე ჟარბას ბარბოსამ.

რუსული ვაქცინის მწარმოებელმა ჯანმოსა და წამლის ევროპულ სააგენტოს ავტორიზაციის მიღების მიზნით თებერვალში მას შემდეგ მიმართა, რაც რეცენზირების შედეგები სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნდა. ჟურნალში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ვაქცინა უსაფრთხო და 91,6%-ით ეფექტურია. „სპუტნიკს“ გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაცია ამ დრომდე არ მიუღია, მიუხედავად ამისა, მას კორონავირუსის წინააღმდეგ ასაცრელად რამდენიმე ქვეყანაში იყენებენ.