კალაძე: „ლაგუნა ვერეს“ აღვადგენთ და ის თბილისს ახალი სტანდარტებით მოემსახურება

პუბლიკა

თბილისი მერის კახა კალაძის განცხადებით, „ლაგუნა ვერე“ საკუთრებაში გადაეცემა მუნიციპალიტეტს და ინფრასტრუქტურა სრულად აღდგება. ამისთვის მან მადლობა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილსა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადაუხადა.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ობიექტთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიისა და მიმდებარე არეალის განაშენიანება-მოწესრიგებასთან დაკავშირებით, მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდო ინფორმაცია.

მესმის, პროექტთან დაკავშირებით პოლიტიკურად ანგაჟირებული საზოგადოების რეაქცია და ამის მიზეზი ყველასთვის გასაგებია, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ამ ტერიტორიის მოწესრიგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქალაქისთვის. ეს იქნება ძალიან კარგი პროექტი და დედაქალაქში ახალი მიზიდულობის ცენტრი გაჩნდება.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად ნარჩუნდება „ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა და მეტიც – ტერიტორია საკუთრებაში გადაეცემა მუნიციპალიტეტს.  ჩვენ კი ამ სივრცეს მოვაწესრიგებთ და მოსახლეობასთან ერთად განვსაზღვრავთ, როგორ უნდა წარიმართოს პროცესი. მოვიწვევთ არქიტექტორებს, დიზაინერებს და პროცესში საზოგადოებაც ჩართული იქნება. რაც შეეხება მერიის გეგმებს ამ ობიექტთან დაკავშირებით, მას მოგვიანებით კიდევ უფრო დეტალურად გაგაცნობთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ არსებული აბრეშუმის ქარხნის ძველი შენობა არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, თუმცა, შენარჩუნდება და შეერწყმება დაგეგმილ განაშენიანებას.