კანონპროექტი: თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მერიის სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვა მთავრობის ნაცვლად საკრებულომ უნდა განსაზღვროს

პუბლიკა

პარლამენტში განიხილავენ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვით, თბილისში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს, საქართველოს მთავრობის ნაცვლად, დედაქალაქის საკრებულო დაადგენს.

აღნიშნული ცვლილება შეეხება იმ შემთხვევებს, როდესაც სამუშაოებს თბილისის მერია ან მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი „თბილისის განვითარების ფონდი“ ატარებს.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილება კულტურის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

„მოგეხსენებათ, რომ დღეს არსებული საკანონმდებლო რეგულაციების თანახმად, თბილისში სამშენებლო სამუშაოებზე ნებართვის გაცემის წესს განსაზღვრავს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო ეს წესი არ შეეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებულ საკითხს. ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილება, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ორგანოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის უნდა გვქონდეს დელეგირებული და არ უნდა საჭიროებდეს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას.

ხოლო ნებართვით განსაზღვრული საქმიანობების განხორციელებისას, სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესს დაადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო“, – განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ინიციატივის წარდგენისას.

მისი შეფასებით,  ახალი რეგულაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან თბილისის იმ ნაწილებში, სადაც ისტორიული ძეგლებია, ხშირად ხვდებიან სხვადასხვა სარდაფებს, არტეფაქტებს, რომელთა აღმოჩენაც აფერხებს მერიის მიერ წარმოებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

„მსგავსი აღმოჩენის შემთხვევაში ხშირად ფერხდება ხოლმე სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხდება, საჭიროებს პროექტის კორექტირებას, რაც არის დაკავშირებული მნიშვნელოვან დროსთან და იწვევს დამატებით საბიუჯეტო სახსრებს.

ამიტომ მიგვაჩნია, რომ არსებული რეგულაცია ხელს შეუწყობს საკითხების უფრო მეტად, ასე ვთქვათ, კომფორტულად გადაწყვეტას დროს საკითხში – გაცილებით უფრო მოკლე ვადებში იქნება შესაძლებელი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

ამიტომ საჭიროა, რომ არსებული რეგულაციებით ჩვენ ხელი შევუწყოთ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ასევე საკრებულოს და შესაბამისი აიპ-ის, ამ შემთხვევაში თბილისის განვითარების ფონდის მუშაობას და ვფიქრობ, რომ არსებული საკანონმდებლო რეგულაცია იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

კანონპროექტის მიხედვით:

ცვლილება შედის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლის 2⁸ და 2⁹ პუნქტებში, კერძოდ:

„კანონის პირველი მუხლის 2⁸ პუნქტში განხორციელებული ცვლილებით ზუსტდება მისი შინაარსი. კერძოდ, ამავე მუხლის შემდგომ პუნქტში განსახორციელებელი ცვლილებიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვით განსაზღვრული საქმიანობების განხორციელებისას ხდება გამონაკლისის დადგენა;

ცვლილება შედის კანონის პირველი მუხლის 2⁹ პუნქტში, რომლის თანახმადაც „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ გავრცელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისას, თუკი ასეთი საქმიანობა განხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი/დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ.

ამასთანავე, კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისთვის სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დადგენის უფლებამოსილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, მიენიჭება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს.“