მამუკა მდინარაძის ქონებრივი დეკლარაციები კვლავ საჯაროდ ხელმისაწვდომია. ოფიციალურ ვებგვერდზე ამ ეტაპზე იძებნება როგორც მისი პარლამენტის დეპუტატობის პერიოდში შევსებული დეკლარაციები, ისე ის ახალი დეკლარაციაც, რომელიც იანვრის ბოლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის რანგში წარადგინა.
2026 წლის დეკლარაციის მიხედვით, მამუკა მდინარაძის ყოველთვიური ხელფასი საშუალოდ 11 900 ლარს შეადგენდა.
დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს ოჯახმა გაყიდა მათ საკუთრებაში არსებული ერთადერთი ბინა – ცინცაძის ქუჩაზე მდებარე 119.2 კვ.მ, 252 000 დოლარად გაყიდა, დაფარა საბანკო ვალდებულებები და 200 000 დოლარად შეიძინა დანელიას ქუჩაზე ახალი, მშენებარე ბინა, რომლის ღირებულების ნაწილიც უკვე გადახდილია (დეკლარაციის შევსების მომენტისთვის 130 000 დოლარი), ხოლო დარჩენილი თანხის გადახდა ეტაპობრივად, ყოველკვარტლურად მიმდინარეობს 7 500 დოლარის ოდენობით.
სავარაუდოდ, საუბარია გიორგი დანელიას 61-ში მდებარე ახალ საცხოვრებელ კომპლექსზე, რომელსაც კომპანია ფილიგრინი 2 აშენებს ბინებს.
დეკლარაციის მიხედვით, ცინცაძეზე გაყიდული ბინიდან მყიდველს თანხა სრულად ჯერ არ გადაუხდია. დარჩენილი 70 000 დოლარის სანაცვლოდ კი, მხარეებს შორის შეთანხმებით, შესაძლოა, მყიდველმა მდინარაძეების ოჯახს, მის საკუთრებაში არსებული ავტომობილი „დეფენდერი“ გადასცეს.
მოქმედი კანონის მიუხედავად, მამუკა მდინარაძე თვეების განმავლობაში არ ასაჯაროებდა მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს შესაბამის ვებგვერდზე [declaration.acb.gov. ge] სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ის 7 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
სუსმა ჩვენთან „პარადოქსული” უწოდა ნორმას, რომლითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის საჯაროობის ვალდებულება აქვს.
აპრილის ბოლოს მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა. მდინარაძე სუს-ის უფროსის თანამდებობაზე გელა გელაძემ ჩაანაცვლა, თუმცა დღემდე საჯაროა მისი ყველა დეკლარაცია.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონის მე-2 მუხლით, რომლითაც განსაზღვრულია „თანამდებობის პირთა” ვინაობა, დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ეკისრებათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებსაც.
მამუკა მდინარაძის დეკლარაციების საჯაროობას „პუბლიკა” თვეებია აკვირდება, დეკლარაციებზე ზედამხედველ უწყებასთან, აუდიტის სამსახურთან [საიდანაც, ჩვენს კითხვებზე პასუხი დღემდე არ გამოუგზავნიათ], კომუნიკაცია 5 მარტს დავიწყეთ. მამუკა მდინარაძის ბოლო დეკლარაციიდან ჩანს, რომ მის მიერ იანვარში ჩაბარებული დეკლარაცია, ოფიციალურად უწყებამ დეკლარაციების ვებგვერდზე ჩვენთან კომუნიკაციიდან მეორე დღეს, 6 მარტს, ატვირთა. საჯარო კი ცოტა ხნის წინ გახდა.