8 პირის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

პუბლიკა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ პაატა სილაგაძემ 2024 წლის დეკემბრის აქციების დროს დაკავებული 8 პირის განაჩენი ძალაში დატოვა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა ვეფხია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ზვიად ცეცხლაძეს 2.5 წელი, ხოლო დანარჩენ 5 ბრალდებულს – ირაკლი მიმინოშვილს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გორგაძეს – 2 წელი მიუსაჯა.

მჭედლიშვილმა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლიდან სსკ-ის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა ან ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს – რაც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.

ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი თამარ მჭედლიშვილმა ჯგუფური მოქმედების ორგანიზატორებად მიიჩნია. დანარჩენები კი ჯგუფური მოქმედების მონაწილეებად.


მსჯავრდებულები სააპელაციო საჩივარში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენების გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვდნენ.

პროკურატურა კი განაჩენს კვალიფიკაციის ნაწილში არ ეთანხმებოდა და მოითხოვდა, მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით.