კანონპროექტი: სემეკს გაზსა და წყალზე განსხვავებული ტარიფების დადგენა შეეძლება

პუბლიკა

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, სემეკი უფლებამოსილი იქნება 2036 წლის 1-ელ იანვრამდე – წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1-ელ იანვრამდე ბუნებრივი გაზის შემთხვევაში, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის დაადგინოს განსხვავებული ტარიფები მოხმარებული მოცულობების მიხედვით.

დღეის მდგომარეობით საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დგინდება ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფები განაწილების ლიცენზიატების ოპერირების არეალების მიხედვით და თითოეული მოხმარებული კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფი არ იცვლება მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის მიხედვით.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება არ ცვლის სატარიფო რეგულირების ძირითად პრინციპებს და წარმოადგენს მხოლოდ გარდამავალ პერიოდში მოქმედ მექანიზმს, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური რისკების შემცირებასა და მომხმარებელთა კატეგორიებს შორის ტარიფების ცვლილების ეტაპობრივ განხორციელებას.

კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატები არიან: შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი, ანტონ ობოლაშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი.