კასპში დააკავეს კაცი, რომელმაც შვილი სხვა არასრულწლოვანთან აჩხუბა - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კასპის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ძალადობის ფაქტზე, ძალადობის ბრალდებით ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, 26 ივნისს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში ორ არასრულწლოვანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შესახებაც ცნობილი გახდა ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამისთვის, რომელმაც შვილს დაპირისპირებაში მონაწილე მოზარდის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების განხორციელებისკენ მოუწოდა.

შსს აცხადებს, რომ ამის შემდეგ არასრულწლოვნები კვლავ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დაპირისპირების შედეგად ორივე მათგანმა სხეულზე ზედაპირული დაზიანებები მიიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.