კეკელიძეზე დაკავებულებიდან 6 პირი ჩვენთან ამბობს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს - ომბუდსმენი

პუბლიკა

სახალხო დამცველის განცხადებით, მისი წარმომადგენლები 23 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებისას დაკავებულ 19 პირს გაესაუბრნენ, რომელთაგან 17 ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ორი კი სისხლის სამართლის წესით.

ომბუდსმენის განცხადებით, 6-მა დაკავებულმა მათთან განაცხადა, რომ დაკავებისას აღსრულების ბიუროს თანამშრომლებმა ძალას გადაამეტეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ერთმა კი ფიზიკურ შეურაცხყოფაში პოლიციასაც დასდო ბრალი.

„ექვსმა პირმა დააფიქსირა დაკავების დროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სავარაუდო ძალის გადამეტებისა და მათთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენების შესახებ, მათ შორის, ერთ-ერთმა მოქალაქემ განაცხადა, რომ სავარაუდო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციამაც.

ექვსივე პირის თაობაზე სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოძიების დაწყების მიზნით.

გარდა დაკავების დროს ძალის შესაძლო გადამეტების საკითხისა, აქციის ორმა მონაწილემ მიუთითა მათ მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის თაობაზეც, ასევე სამმა პირმა განაცხადა ისიც, რომ არ განუმარტეს დაკავების საფუძველი და მათი უფლებების შესახებ არ მიაწოდეს ინფორმაცია“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებითაც მიმართავს შესაბამის უწყებებს შემდგომი რეაგირების მიზნით.


თბილისში კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს ძალის გამოყენებით გამოასახლა. სადარბაზოსა და ბინაში შესასვლელად უწყების წარმომადგენლებმა კუთხსახეხი, ე.წ. ბარგალკა და რკინის სხვა ხელსაწყოები გამოიყენეს.

მოქალაქეებსა და აღსრულების პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე საათს გრძელდებოდა. რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარების აღმოჩენაც დასჭირდა, აქციის რამდენიმე მონაწილემ კი პროტესტის ნიშნად აღსრულების პოლიციის მანქანის ფანჯრები ჩამტვრია.

შსს-მ ჯამში 20 ადამიანი დააკავა, 18 პირი – ადმინისტრაციული წესით. 2 პირი – მოძრაობა „ხმის“ წევრები, კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია, სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მათ ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავებიან. აღნიშნული მუხლი  სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოცხადდეს სასწრაფო მორატორიუმი ყველა ჩანიშნულ გამოსახლებაზე” – ასეთია მოთხოვნა მოქალაქეებისა, რომლებიც გამოსახლების წინააღმდეგ მოძრაობაში ერთვებიან.