„ხალხის ძალა“ მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციისთვის კანონპროექტზე მუშაობს

პუბლიკა

„ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მუშაობენ კანონპროექტზე, რომელიც მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციას ითვალისწინებს.

„საზოგადოებრივი მოძრაობა  „ხალხის ძალა“ ასრულებს მუშაობას კანონპროექტზე, რომელიც მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციას ითვალისწინებს. კანონპროექტი ეფუძნება ერთ-ერთი მოწინავე ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს კანონმდებლობას და ის ეფექტიანად უზრუნველყოფს როგორც სიცრუის გავრცელების პრევენციას, ისე მასზე სათანადო რეაგირებას.

დღეს მთელი რიგი ენჯეოები და მედიასაშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოში პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციასა და პოლარიზაციაში. აქედან გამომდინარე, „ხალხის ძალა“ მიიჩნევს, რომ მომზადებული ორივე კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დეპოლარიზაციაში, რაც საქართველოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობაა.

კანონპროექტები პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება იანვარში და „ხალხის ძალას“ ექნება პრინციპული პოზიცია ორივე პაკეტის მიღებასთან დაკავშირებით“, – თქვა მან პარლამენტში ბრიფინგზე.

გარდა ამისა, „ხალხის ძალამ“ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ მუშაობაც დააანონსა.