ხალხის სიძულვილით გაჟღენთილი ხელისუფლება ხალხისგან საკადრის პასუხს მიიღებს - Tbilisi Pride

პუბლიკა

„ქვეყანაში, სადაც სასოწარკვეთილი ადამიანები თვალებსა და პირს იკერავენ, ახალგაზრდები გარბიან, დედები შვილების წამლებისთვის ათენებენ, სასამართლო „კლანის” მიერაა ოკუპირებული, ხელოვანებს კი გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავენ, მთავრობა, ხალხის მოსმენის ნაცვლად, ზიზღის გაღვივებითაა დაკავებული,”– ნათქვამია Tbilisi Pride-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ბოლო დროს, განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს, როგორ ებრძვის მთავრობა თავისუფალ სიტყვას და აზროვნებას.

„ვნახეთ მძულვარე თავდასხმები სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებზე, აკადემიაზე, ბიზნესზე, მედიაზე. დღეს, კიდევ ერთხელ, მოვისმინეთ პრემიერის ჰომოფობიური განცხადება.

უმაღლესი თანამდებობის პირები ფეხდაფეხ მიჰყვებიან მმართველობის რუსულ სტილს და ჰომოფობიას კრიტიკული მოსაზრებების ჩასახშობად იყენებენ.

ჩვენ გვჯერა, რომ “ქართული ოცნების” სიძულვილის პროპაგანდა ვერ შეძლებს საზოგადოების გახლეჩას. გვჯერა, რომ ჰომოფობიას ბევრად ნაკლები მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე თავისუფლების, თანასწორობის, სოლიდარობის იდეებს. გვჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანა “რუსეთიზაციისთვის” არ ემეტებათ!

ხალხის სიძულვილით გაჟღენთილი ხელისუფლება ხალხისგან საკადრის პასუხს მიიღებს, “- ამბობენ Tbilisi Pride-ში.